როგორც კვიპროსული გამოცემა alphanews წერს, ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას საკუთარ გუნდში საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაიას ხილვა სურს.
წყაროს ცნობით ქეცბაია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს და ახალი ტრანსფერების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება სურს, რათა ახალწვეულებთან მოსამზადებელ ეტაპზე საფუძვლიანი მუშაობა მოახერხოს.
უკვე ცნობილია, რომ "ანორთოსისს" 3 ახალი ფეხბურთელი ეყოლება. ესენი არიან კამერუნელი ჩარლზ ელუნდუ, სომეხი ჰოვანეს ამბარცუმიანი და ბრაზილიელი ანდერსონ კორეა. თუმცა, ქართველ მწვრთნელს გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება სურს.
თემურ ქეცბაია ცენტრფორვარდის პოზიციაზე პოტენციურ
ახალწვეულებად 3 ფეხბურთელს განიხილავს. ესენი არიან გიორგი ქვილითაია, ტარიკ ელიონუსი და დავიდ სიმაო.
აი, რას წერს გამოცემა ქართველი თავდამსხმელი შესახებ:
"ქვილითაია 26 წლის მაღალი ქართველი ფორვარდია, რომელიც 2018 წლიდან ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს. ლარნაკას "აეკის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი სათადარიგოთა შორის იყო."
მოგეხსენებათ, "გენტმა" ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. აქიდან გამომდნარე, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შანსები, წესით, დაბალი უნდა იყოს.