კორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული საიტი championat.com-ი სტატიას აქვეყნებს: "სად არის "ლოკომოტივის" ფანების საყვარელი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია" და საქართველოს ნაკრების ექსფორვარდის შესახებ რამდენიმე სახალისო ისტორიას იხსენებს.

ზაზა 90-იანების პოსტსაბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი პერსონაჟი იყო, ჰეთ-თრიკებს ასრულებდა, ევროპულ გრანდებს გოლებს გოლებზე უტანდა და თითოეულ მათგანს, ზედმეტი წონის მიუხედავად, სალტოთი აღნიშნავდა.

ჯანაშიამ სიომინისა და "ლოკომოტივის" ყურადღება "სამტრედიაში" თამაშით მიიპყრო. რუსეთში წასვლა დიდად არ უნდოდა, თუმცა მაინც გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ბიჭს პასპორტიც არ ჰქონდა, თუმცა დაჰპირდნენ, რომ ოღონდ ის თვითმფრინავში ჩამჯდარიყო და
ყველაფერს მოაგვარებდნენ.

თბილისში უპრობლემოდ გაატარეს. მოსკოვში კი თვითმფრინავი დაეშვა, ზაზა კი თავის ადგილას იჯდა.

"მოვიდა ჯარისკაცი და მკითხა: "რას ელოდები?" მე ვეუბნები: "არ ვიცი, მაგრამ მომაკითხავენ", - იხსენებს ქართველი თავდამსხმელი.

მართლაც მოვიდნენ "ეფ-ეს-ბეს" თანამშომლები და პირდაპირ სტადიონზე წაიყვანეს.

"მივედით თუ არა, ფილატოვი და სიომინი დამხვდნენ. მეუბნებიან: "ზაზა, გილოცავთ, შენ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ხარ. აიღე კონტრაქტი და ხელი მოაწერე". მე კი ვუცხადებ: "არაფერს არ მოვაწერ ხელს". გაკვირვებულებმა შემომხედეს, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. პასპორტი არ მქონდა და საქართველოში მომიწია გაფრენა და მისი გაკეთება", - იხსენებს ჯანაშია.

მოსკოვში კი ქართველი მეგობრები ანებივრებდნენ, გატანილ გოლზე ხან რას ჩუქნიდნენ, ხან რას: ყელსაბამებს, ფულს - ზოგი 500 დოლარს, ზოგი 1000-ს. ერთხელ კი მეგობარი შეჰპირდა: "თუ "მაკაბის" მოუგებთ და გოლს გაიტან, საჩუქარი ჩემზე იყოს". "ლოკომ" მოიგო, ზაზამ კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მეგობარმა კი იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასი "მერსედესი" - 140 აჩუქა.

"ლოკომოტივის" ექსფეხბურთელი დროზდოვი იხსენებს:

"ზაზამ მოსკოვში 3 ძვირფასი მანქანა იყიდა. ერთხელ კი სიომინი ბაზაზე სულ ახალი "მერსედესით" მოვიდა. ჯანაშია ლამის ჭკუიდან გადავიდა, მანქანას უტრიალებდა, ლამის ენით ლოკავდა. სიომინი ეკითხება: "რაო, ზაზა, მოგწონს?" ის კი: "რას ამბობ, პალიჩ, ნახევარი მანქანა ჩემი ჯარიმებით გაქვს ნაყიდი!"

დაჯარიმებისთვის გუნდს ბევრი მიზეზი ჰქონდა: ზედმეტი წონა, დაგვიანებები... თამაშის დროს დავალებების არშესრულების გამო სიომინმა ანარქისტიც შეარქვა.

თურქეთში კარიერის გაგრძელებამდე, ჯანაშია სამხრეთ კორეაში გაემგზავრა - კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა 8 კილოგრამით ნაკლები კი დაბრუნდა რუსეთში. დამღლელი ვარჯიშების გარდა, ქართველს დიეტურ, ძაღლის ხორცს აჭმევდნენ. როცა ზაზამ გაიგო, რომ მთელი კვირა ძაღლის ხორცს ჭამდა, ცუდად გახდა: ღებინება დაეწყო, სიცხემ 40 გრადუსამდე აუწია. დილით კი უკეთ იყო, მაგრამ მას შემდეგ სტეიკები აღარ უჭამია.

"კორეელები მეუბნებოდნენ, კონტრაქტი გავაფორმოთო. მეთქი, მაცადეთ ბიჭებო, მოსკოვიდან დოკუმენტები უნდა წამოვიღო", - იხსენებს ზაზა.

"ლოკომოტივმა" კი უკან აღარ გაუშვა და სინჯებზე სოჭში წაიყვანა.

"თითქოს ჩემი კორეაში გაყიდვის სურვილი ჰქონდათ, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ სინამდვილეში კი მომატყუეს. რეალურად უნდოდათ, იქაური მეთოდიკით წონაში დამეკლო", - დაამატა ქართველმა.

ჯანაშიამ "ლოკომოტივი" საკუთარი სურვილით დატოვა, ტრავმებმა შეაწუხეს. სათადარიგოთა სკმაზე ჯდომასა და ხელფასის აღებას წასვლა ამჯობინა. თურქეთშიც იყო, თუმცა "ქოჯაელისპორი" დაიშალა. შემდეგ სიომინის შვილთან სათამაშოდ წავიდა რუსეთში, თუმცა ტრავმამ საშუალება არ მისცა და კარიერაც დაასრულა.

მოგეხსენებათ, ზაზა ჯანაშია საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "დინამოს" მფლობელია და მისი კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტავ თავის გუნდს სახელი გადაარქვას და რამე ნორმალური ქართული სახელი დაარქვას. რაღა დროს დინამო, ტორპედო, როტორი და ბამპერია, სპორტული კლუბია თუ პროფილაქტიკა? ტოპონიმები დაილია სამეგრელოში?
გელა (ხელსაწყო არა)
14:09 16-06-2020
2
მისი საქციელის ბევრი უარყოფითის მიუხედავად,თამაშობდა კარგ ფეხბურთს.არ დამავიწყდება მის მიერ რომის ლაციოს კარში ოსტატურად გატანილი გოლი.
....
02:22 16-06-2020
1

სიახლეები პოპულარული