დღეს, 28 ივლისის დილით, MLS-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე "სან ხოსე ერსქვეიქსმა" "რეალ სალთ ლეიქი" ანგარიშით 5:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ვაკო ყაზაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელთა რიგებში ორივე ქართველმა მატჩი პირველივე წუთიდან დაიწყო - გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მოედანზე 81 წუთი გაატარა.
ვაკომ პირველ ტაიმში ესპინოზას საგოლე გადაცემა გაუკეთა, მეორე ნახევარში კი მის მიერვე წამოწყებული შეტევა გოლით დაასრულა და ანგარიში 3:1 გახადა.
კალიფორნიელთა მხრიდან 2 გოლი პენალტის ნიშნულიდან შვედმა მაგნუს ერიკსენმა გაიტანა, ხოლო MLS-ის ლეგენდა კრის ვონდოლოვსკიმ მატჩში საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე დასვა.
ამგვარად, ბოლო წლებში "სან ხოსემ" საკუთარი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის მოგებამდე 3 გამარჯვება აშორებს.