გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაასრულა და 9 აგვისტოს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" შეხვდება.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუნდი გუშინ მთაში წაიყვანა, ჯომარდობასა და მთამსვლელობაში შეაჯიბრა, რომელშიც ორივე ქართველმა ლეგიონერმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.
დღეს კი "გენტი" უკანასკნელ საკონტროლო მატჩში "ზულტე-ვერეგემთან" 1:2 დამარცხდა. მეტოქე უკვე მე-6 წუთზე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ კი ერთადერთი საპასუხო გოლი ივან იარემჩუკმა გაიტანა, რომელმაც გასულ სპარინგში "მეცთან" (3:0) დუბლი შეასრულა. ქვილითაიამ იარემჩუკი მე-80 წუთზე შეცვალა, ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია. მის შესახებ ტორუპმა
ამას წინათ თქვა, რომ სერიოზული ტრავმა არა აქვს და მალე ჩადგება მწყობრში.
ტორუპმა ნამატჩევს განაცხადა, რომ შეხვედრის წინ კარგი განწყობა და წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ წააგეს და შესაძლოა, ეს სეზონის დაწყების წინ კარგი გაკვეთილი იყოს.
"გენტში" ისევ არ ითამაშა 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა, რომელსაც "ლილი" ეპატიჟება და გუნდის გამოცვლა სურს. "გენტი" ტრანსფერში 35 მილიონ ევროს ითხოვს, "ლილმა" კი დღეს საბოლოო წინადადებით მიმართა - ან 30 მილიონი და ან საუბარი დავასრულეთო.