რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საინტერესო მატჩი ჩატარდა ყაზანში ადგილობრივ "რუბინსა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის, რომელიც 0:2 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველ ტაიმში აქტიური გახლდათ. სტუმრებმა უკვე მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. შემდეგ ხვიჩამ მეურვე მოატყუა და დაარტყა კიდეც, მაგრამ მცველმა "დაუბლოკა". 25-ე წუთზე მან მეკარე გილერმეს პირისპირ იგნატიევი შეჰყარა, რომელიც მოცელეს, პენალტი კი მსაჯმა არ დანიშნა. 26-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. შესვენებაზე გასვლის წინ ყაზანელთა მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი არბიტრ სერგეი ივანოვს არდანიშნული პენალტის გამო შეეკამათა და გააძევეს.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენებაზე "რუბინის" "ტვიტერზე" დაიწერა - "ჩატარდება კი მეორე ტაიმი?"
65-ე წუთზე "რუბინის" ნახევარმცველი ბეგიჩი უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, ხოლო 72-ე წუთზე კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.
"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია, რომელიც "როტორში" გადადის, ისევ სათადარიგო იყო.
რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "რუბინში" თამაშს მხოლოდ კვარაცხელია ამწვავებდა, "ლოკომოტივი" კი უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და უფრო ბალანსირებული გუნდია.
ნამატჩევს აღშფოთებულმა სლუცკიმ განაცხადა, რომ ამაზრზენი მსაჯობა გრძელდება, ეტყობა არბიტრმა სხვა ეპიზოდს უყურა, მათ კი - სხვას და ალბათ, იდიოტებად თვლიან.
"რუბინმა" მსაჯი ივანოვი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და "ლოკომოტივის" ფორმაში მისი ფოტომონტაჟიც გამოაქვეყნა...
15 აგვისტოს "რუბინი" ჯიმი ტაბიძის "უფას" უმასპინძლებს.