championat-მა "როტორზე" წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 9 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის, კარგი ლეგიონერები, თუმცა ჯერ 2 ქულით აუტსაიდერია და ჯანო ანანიძის შესახებაც მიაწოდა მკითხველს ინფორმაცია.
"ნახევარი წლის შემდეგ ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა. კვიპროსის "ანორთოსისში" მხოლოდ 6 მატჩი უგოლოდ და საგოლე გადაცემის გარეშე ჩაატარა. სამაგიეროდ, იქ ტრავმა მიიღო, რაც "სპარტაკში" ხშირად ემართებოდა. მიუხედავად ტრავმებისადმი მიდრეკილებისა, ანანიძე "როტორის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ტელეგრამ-არხ "მუტკო პროტივის" ცნობით, ახალ კლუბში თვეში პრემიალურების გარეშე 1.7 მილიონ რუბლს (22 350 დოლარი) აიღებს. მთლად "სპარტაკის"
დარი ხელფასი არაა, მაგრამ ცუდი მაინც არ არის".
ადრე მწვრთნელმა ალეკსანდრ ხაცკევიჩმა თქვა, რომ ჯანო ვოლგოგრადში ჯერ არ გამოჩენილა და ეტყობა, სათამაშო ფორმა მწყობრში ვერ მოიყვანაო.
სანაკრებო პაუზისას "როტორი" ამხანაგურ მატჩში თავისი კლუბის 19-წლამდელთა გუნდს დაუზავდა (1:1). ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ბექა მიქელთაძემ ითამაშა - შეუცვლელად და პენალტი გაიტანა.
13 სექტემბერს, ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "როტორი" "კრასნოდარს" უმასპინძლებს, იქამდე კი გუნდს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი შეუერთდებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "როტორს" იური სიომინი ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა მან განაცხადა, რომ ვოლგოგრადულ გუნდში მუშაობას არ აპირებს.