ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხდა "ზალცბურგთან".
მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული გურამ გიორბელიძე, ლუკა ლოჩოშვილი კი მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ უკვე მე-16 წუთზე დაატოვებინეს მოედანი.
მან მეტოქე გუნდის ზამბიელი თავდამსხმელი პატსონ დაბა წააქცია, რაც მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმად მიიჩნია და პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.
იმ მომენტისთვის ანგარიში არ იყო გახსნილი. "ზალცბურგი" "ვოლფსბერგერზე" ისედაც უკეთესი გუნდია და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მოწინააღმდეგის ძლევა არ გასჭირვებია.
ავსტრიული "კურიერი" ამ მომენტს ასე აფასებს: "ვოლფსბერგერის" ახალწვეულმა ლოჩოშვილმა
დაკასთან ბრძოლაში დაამტკიცა, რომ საქართველოდან განსაკუთრებით კარგი მოჭიდავეები ჩამოდიან, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ილეთი წესების დარღვევად ითვლება და რადგან აღნიშნულ ეპიზოდს აშკარად გოლი უნდა მოჰყოლოდა, მოედანი დაატოვებინეს".