საქართველოზე, ნაკრებზე, ბიოგრაფიაზე - ინტერვიუ ფეხბურთელთან, რომელიც ბელგიას იპყრობს

AutoSharing Option
19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გუშინ, 27 სექტემბერს, ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი მოუგროვდა (5 მატჩში!!!).

sportall.ge საფრანგეთში გიორგის ოჯახს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვაზე გიორგის კომენტარიც მოვიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი 19 წლის ბიჭი კარგად საუბრობს ქართულად და ისტორიული სამშობლოსაგან კულტურულად მოწყვეტილი არაა, პირიქით.

"მე გიორგი მიქაუტაძე ვარ. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს, ქალაქ ლიონში. საფრანგეთის მოქალაქე ვარ. ოჯახში მე, მშობლები, უფროსი და და უმცროსი ძმა ვართ. 7 წლამდე კლუბ "გერლანში"
ვთამაშობდი.

8 წლის ვიყავი, როცა "ლიონში" 1-კვირიან სტაჟირებაზე მიმიწვიეს, თუმცა დადებითი პასუხი ორ დღეში მივიღე და 7 წელი "ლიონის ოლიმპიკში" ვთამაშობდი. ამის შემდეგ "სენტ პრისტში" გადავედი და 17 წლამდე ამ გუნდის წევრი ვიყავი.

2017 წელს, 17 წლის ასაკში "მეცთან" 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რომელიც 1 წლით გაგრძელდა, ხოლო 2019 წლის ბოლოს კლუბთან 3-წლიანი პროფესიონალური ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.

პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებამდე საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში გამომიძახეს და იმედი მაქვს, კიდევ მიხმობენ.

შარშან ლიგა 1-ში დებიუტი "ნიცასთან" თამაშში მქონდა, 8 წუთი ვითამაშე. ხოლო "რენის", "მარსელისა" და საფრანგეთის თასზე "დიჟონის" წინააღმდეგ სათადარიგოთა შორის ვიყავი.

საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, დიდი სანათესაო მყავს. უბრალოდ, ბოლო წლებში ვეღარ ვახერხებდი. ამა წლის ზაფხულს მქონდა დაგეგმილი ოჯახთან ერთად ჩამოსვლა, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაგვედო...

ძალიან მაგარი გრძნობაა საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხვდები, ოცნება აგისრულდა; მერე პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერე ხელი და თან დებიუტი "ნიცასთან" მქონდა.

კლუბმა ბელგიაში 1 წლით გამანათხოვრა, თუმცა შესაძლოა, "მეცში" უფრო ადრეც დავბრუნდე. ძირითადში თამაშის შესაძლებლობა მექნება თუ არა, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჯერ კონკრეტული არაფერია. ჯერ კარიერის საწყის ეტაპზე ვარ, ყველაფერი წინ მაქვს და თან, არავითარი შემოთავაზება არ მქონია.

არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, ამიტომაც მოვლენების გასწრება არ მსურს.

ქართველ ფეხბურთელებს პირადად არ ვიცნობ. მეგონა, "გენტთან" თამაშისას გიორგი ჩაკვეტაძეს გავიცნობდი, თუმცა, სამწუხაროდ, იმ მატჩში არ უთამაშია.

ვთვლი, რომ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელის უკან დიდი შრომა დევს, სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ გიორგის, არამედ ყველა ქართველ ფეხბურთელს საქართველოსა და ევროპაში წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისათვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვამაყობ, რომ მთელი ჩემი ნათესაობა, ახლობლები და საქართველო გვერდით მიდგას."

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ თამაშობს ბელგიის არა უმაღლეს ლიგაში არამედ პირველ ლიგაში, აბსოლუტურად არაფერი არ დაუმტკიცებია მას ისეთი, რომ ნაკრებში ითამაშოს ან საერთოდ უნდა რო ითამაშოს საქართველოს ნაკრებში? ასეთი ახალგაზრდები კი არა გაცილებით უფრო ნიჭიერები იზრდებიან საქართველოში ოღონდ ხელშეწყობა არაა აქვთ და ვერ იზრდებიან როგორც პროფისიონალი ფეხბურთელები.
ხვიჩა
29 სექტემბერი 2020 11:39
11
ხვიჩა ბატონო, რა გნებავთ ბრძანოთ ამით, რომ საქრთველოში რაკი სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და ვერ ვპატრონობთ ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძირითადად კი ქართული მენტალიტეტის გამო, ამიტომ მის გარეთ გამოჩენილ ნიჭიერებსაც არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?
გიზოგ
01 ოქტომბერი 2020 10:48
0
კაცი ყოფილხარ კაცური,შენ თითოეულ სიტყვაში დევს საქართველოს სიყვარული,და ვიცი წამითაც არ დაფიქრდები საქართველოს მაისურით გასვლას მოედანზე იქით ფრანგები რო გეძახდნენ,მე ეს შენ სიტყვებში დავინახე,წარმატებები და გააგრძელე შრომა აუცილებლად დაგიფასდება
butxa
29 სექტემბერი 2020 00:18
0
იმედია ქართულად კითხვა იცის ან ვინმე წაუკითავს,/ წარმატებებს ვუსურვებ, და მართლა მაგარი ბიჭია, მაგარამ მე მინდა რო საქართველოს ნაკრებში თამაში არჩიოს და საფრანგეთის ნაკრებზე უარი თქვას, (თუ გამოიძახებენ) იმიტომ რომ ქართველიაა და არა ფრანგი!!! / ჩვენ ქართველები უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობთ და ერთადერთი რაც ყველაზე მაგარი შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის რო ჩვენი ისტორიული სამშობლო არ დავივიწყოთ!!! ენა , მამული, სარწმუნოება! / ისე კი საფრანგეთის ჭ კლასის ჩემპიონატი კი არა, არამედ გისურვებდი რომ ტოპ კლასის ჩემპიონატებში გეთამაშოს და იქაც გრანდებში! ქართველებზე მეტად არავის გაუხარდება შენი წარმატება!!!
Vasili
28 სექტემბერი 2020 22:12
1
ხვიჩა კარგი ქენი ინტერვიუ რომ ჩაწერე ამასთან ახლა მარადიშვილი იქნებ ჩაწერო მამამისი ფბზეა ვკ.ქომზეც არიან ნუ რამენაირად შეილება გასვლა კონტაქტზე ცსკას ძირითადი სახუმარო არაა
KA
28 სექტემბერი 2020 20:38
1
ამ კაცის ხელიდან გაშვება არამც და არამც არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციაში უკვე მუშაობენ ამ საკითხზე.
წარმატებები...
ქობულეთიდან
28 სექტემბერი 2020 18:26
2
დიდ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის იგივე ჟორჟს. მიხარია, რომ სამშობლო, სადაც არ დაბადებულა ასე თბილად მოიხსენია. ასე თბილად ლაპარაკობს ნათესავებზე.
გიზოგ
28 სექტემბერი 2020 18:08
3
იმედია, საქართველოდან დროულად მიაქცევენ ყურადღებას გიორგი მიქაუტაძეს... უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია!!! ჩვენ არ გვყვავს დასაკარგი ქართველები!!!
tngh
28 სექტემბერი 2020 18:01
2
ყოჩაღ ამის ოჯახს რომ ასეთ ქართველად აღზარდეს. "ატკაზზე" რომ არ გავიდა საქართველში თამაშზე და თან ქართულადაც საუბრობს მაგაში ბევრი რამ იგრძნობა.

რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებში თამაშს, არ მგონია ეგ პრობლემა იყოს, ასაკობრივში საფრანგეთში ითამაშოს, აიწყოს კარიერა, დაკვიდრდეს იქ, ხოლო შემდეგ ეროვნულში საქართველოში. მთავარია საფრანგეთის ეროვნულში არ ჰქონდეს ნათამაშები, თუმცა წელს მგონი ეგ წესიც შეცვალა ფიფამ და ფეხბურთელებს უკვე მარტივად შეუძლიათ ეროვნული ნაკრების გამოცვლა. მგონი არ იქნება ეს ბიჭი უარზე
ყოჩაღ კარგი ბიჭი ჩანს
28 სექტემბერი 2020 17:56
4
ძალიან მაგარი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ!
საქართველოდან არავინ შემხმიანებიაო?! რას აკეთებს ფედერაცია?!
პ.ს. ამ ბიჭთან დაკავშირებით ზოგი წერდა კომენტარში, საფრანგეთის მოქალაქეობის დაკარგვა და ლეგიონერის სტატუსი არ უღირსო. ცნობისთვის, ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია როგორც ჩვენი, ისე ფრანგული კანონმდებლობით. ასე რომ ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ შეექმნება!
დათო
28 სექტემბერი 2020 17:31
2
არ ჰგავს სპარტაკის ჯიქიას?
status quo
28 სექტემბერი 2020 17:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული