"გენტის" 21 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დაეხმარება, ამის შესახებ Sportall.ge-ს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ მიაწოდა.
როგორც მან გვითხრა, ჩვენებურმა დღეს ფეხზე სურათი გადაიღო, სადაც გამოჩნდა, რომ ყველაფერი კარგადაა. უფრო მეტიც, გიორგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ხვალ "გენტის" განაცხადშიც იქნება, სადაც მისი გუნდი "ბრიუგეს" შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს.
რაც შეეხება საქართველოსა და ბელარუსიის ნაკრების მატჩს, ის 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.