
როგორც იცით, "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია "აპოლონთან" ნამატჩევს პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და რეგლამენტის დარღვევისთვის დააჯარიმეს. "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი მივიდა, მაგრამ რამდენჯერმე მხოლოდ ორი სიტყვა გაიმეორა - "ყველაფერი კარგადაა".
კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კოლეგიის წარმომადგენელმა არისტოტელე ვრიონიდისმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კარგად როდია, ვინაიდან ქართველმა სპეციალისტმა ლიგის სადისციპლინო რეგლამენტის მთელი რიგი პუნქტები დაარღვია და ადრე დაკისრებული 8 ათასი ევროს გარდა, კიდევ მოუწევს ჯარიმის გადახდა, - იტყობინება goal.philenews-ი.
შაბათს "ანორთოსისი" ჩემპიონატის მორიგ ტურში "სალამინას" ხვდება და საინტერესოა, გამოცხადდება თუ არა ქეცბაია
პრესკონფერენციაზე და თუ გამოცხადდა, სრულფასოვნად უპასუხებს თუ არა ჟურნალისტების შეკითხვებს.