კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "ანორთოსისი" გასვლაზე "კარმიოტისასთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და ერთპიროვნულად გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა.
მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ არ გარისკა და წინა შეხვედრის მოთელვისას ტრავმირებული გიორგი ლორია განაცხადში არ შეიყვანა. ასევე ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა დისკვალიფიცირებულმა თორნიკე ოქრიაშვილმა. თემურმა გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე ქვილითაიამ სამიოდ მეტრიდან ააცილა თავურით ბურთი კარს, 72-ე წუთზე კი მსაჯმა მასპინძელთა ფეხბურთელი გააძევა.
"ანორთოსისი" 20 ქულით მე-2 ადგილზეა (ამდენივე ქულა, ოღონდ ბურთების უკეთესი შეფარდება
აპოლონს აქვს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 8 ნოემბერს ლარნაკას აეკ-ს შეხვდება, იქამდე კი 4 ნოემბერს თასზე "პაფოსს" უმასპინძლებს.
პაფოსი. "სტელიოს კირიაკიდესი"
კარმიოტისა - ანორთოსისი 1:1
გოლები: 1:0 სასი (62), 1:1 მიჩა (67)
გაძევება: ჰაჯივასილისი (72, კარმიოტისა)