შოტლანდიურმა 67hailhail.com-მა გლაზგოს "სელტიკს" საქართველოს ნაკრებისა და "ქონიასპორის" შემტევის, ლევან შენგელიას დამატება ურჩია.
ეს ვებგვერდი ამ გუნდის ფანების საიტია, რომელიც სტატიებს მხოლოდ "სელტიკის" გარშემო წერს და კლუბს სხვადასხვა ფეხბურთელის შეძენას ურჩევს.
ამჯერად სტატია მარჯვენაფლანგელი შემტევების შესახებ გამოქვეყნდა. საიტმა შენგელიასთან ერთად გლაზგოელებს ურჩია, რომ ყურადღება ჰონ კვონსა და ჯეიკობ მერფისაც მიაქციონ.
აღნიშნულიდან პირველი "ფრაიბურგში" ირჯება, მეორე კი "ნიუკასლის" ღირსებას იცავს.
აი, რას წერს საიტი უშუალოდ შენგელიას შესახებ:
"ყველაფერზე ფაქტები მეტყველებს. ლევან შენგელიამ თბილისის "დინამოში" ჩატარებულ 50 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე
14 შედეგიანი გადაცემაც იყო, რაც ძალიან კარგი შედეგია.
"ქონიასპორში" ქართველს კარგი სეზონი აქვს, მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და შრომითი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია.
სიმართლე ითქვას, მას თურქულ გუნდში დიდ სათამაშო დროს არ აძლევენ, მაგრამ მან 3 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მაინც მოასწრო. ეს გვაფიქრებინებს, რომ მას თუ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა, შედეგიანობასაც მოუმატებს.
შენგელიას შეტევაში თამაში ძალიან უყვარს და ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს, რაც "სელტიკის" სტილის გუნდებისთვის ძალიან კარგია.
25 წლის ქართველს დიდ ლიგებში თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა, ალბათ, შანსს მაინც იმსახურებს", - წერს საიტი.