კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქართველების "ანორთოსისისა" და აელ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.
ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დაცვის პრობლემა გადაჭრა, მაგრამ შეტევაში აშკარად უჭირთ. თავად განსაჯეთ - მათი ბოლო 4 მატჩიდან 3 უგოლოდ დასრულდა.
გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 73-ე წუთზე თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ლორიასთან პირისპირ მეტოქე გუნდის თავდამსხმელი გავიდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ გოლის გატანა არ დაანება.
"ანორთოსისი" 45 ქულით კვლავ მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 6 ქულით ჩამორჩება და 16 თებერვალს "ენოსისს" დაუპირისპირდება.