"ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ გუნდში გადასვლა..." - რუსული ჟურნალი ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

AutoSharing Option
რუსულმა business-gazeta-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს:

"მიუნხენის "ბაიერნი", "იუვენტუსი", "მილანი", "აიაქსი", "ნაპოლი" - ეს მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც "რუბინის" ახალგაზრდა ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ყოველკვირეულად ინტერესს იჩენენ. თუ გარკვეული პერიოდის წინ ყაზანელებმა თქვეს, რომ ოფიციალური წინადადებით არც ერთი კლუბი არ დაკავშირებიათ, სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ყველაფერი იცვლება. "რუბინის" თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ Match TV-სთან ინტერვიუში თავისი პროგნოზი განაცხადა:

"ვფიქრობ, ის ამ ზაფხულს დაგვტოვებს"

მისი აზრით, ქართველი ტალანტისთვის ამჟამად თავის დამკვიდრება ევროპის ტოპ-ლიგების მეორე ეშელონის გუნდებშია საუკეთესო, დაუყოვნებლივ დიდ
გუნდში კი არ უნდა წავიდეს.

სავარაუდოდ, კვარაცხელიამ "რუბინის" მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "თათრები" "ურალს" დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. ხვიჩამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. სავარაუდოდ, დაზიანება ისეთი არაა, რომ ტალანტის კარიერას შეეხოს, თუმცა რეაბილიტაციისთვის გარკვეული პერიოდი საჭირო იქნება, რუსეთის ჩემპიონატი კი დასასრულისკენ მიმდინარეობს. "რუბინის" დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ "რუბინი" ხვიჩას სამუდამოდ შესანარჩუნებლად არ ითანამშრომლებს. მათი მიზანია ქართველი გუნდში კიდევ ერთ წელს დატოვონ.

ხვიჩასთვის მნიშვნელოვანი სატრანსფერო ფანჯრის მოლოდინში, ჩვენ გავარკვიეთ, თუ როგორი პიროვნებაა ის და რაზე ფიქრობს ზოგადად. 20 წლის ქართველი "რუბინის" სავარჯიშო ბაზაზე ცხოვრობს, თავის ფეხბურთს კი მხოლოდ მაშინ ივიწყებს, როდესაც თამაშს ჩართავს, თუმცა ქართველს ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, მინი-ფეხბურთის თამაში, უყვარს ელარჯის ჭამა. მისი იდეალი კი გიორგი ქინქლაძე გახლავთ. ის ასევე საქართველოში დაიბადა, თავისი ნიჭით კი მანაც ევროპული გრანდების, "მანჩესტერ სიტისა" და "აიაქსის" ყურადღება მიიპყრო, თამაშობდა ასევე ყაზანის "რუბინში.

"თუ ვარჯიშის დროს არ მოკვდით, უნდა წამოდგეთ"

- ხვიჩა, შენ თბილისში დაიბადე, ბავშვობის ასაკში კი დროს სამეგრელოში ატარებდი. მოგვიყევი, საქართველოს ეს კუთხე რას ნიშნავს შენთვის?
- ის ჩემი სამშობლოა. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვარ, ვცდილობ, წავიდე. ის ერთ-ერთი ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუ საქართველოში იმყოფებით. რელიეფი ჩვენს რეგიონში ძალიან განსხვავებულია, გვაქვს მთებიც და ვაკეებიც. იქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. ისინი ბევრს შრომობენ, ცდილობენ რაიმეს მოყვანას ან მეურნეობას.

- შენ მეგრელი ხარ, ხომ?
- დიახ, ამაზე ჩემი გვარის დაბოლოებაც მეტყველებს. მეგრელები სხვა ქართული კუთხის მცხოვრებლებისგან ოდნავ განსხვავდებიან, მაგალითად, სამზარეულოთი. ჩვენი საფირმო კერძი ელარჯია. სამეგრელო ძალიან ლამაზი ადგილია, ვურჩევ ყველას იქ ჩასვლას. ზოგადად, საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. ზოგადად, როდესაც ტურისტები ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ, ბევრ ადგილას მიდიან, რადგან რთულია გამოარჩიო ერთ-ერთი.

Sportall.Ge

- პირველი საფეხბურთო ნაბიჯები თბილისში გადადგი?
- ფეხბურთის თამაში ჩემს ეზოში დავიწყე, მაშინ, როდესაც 5 წლის ვიყავი. სახლი ადრე დავტოვე და გვიან დავბრუნდი. 8 წლის ასაკში კი ბავშვთა გუნდ "ავაზაში" გამოვდიოდი, 11 წლის ასაკში კი თბილისის "დინამოს აკადემიაში ჩავირიცხე.

- საშიში ხომ არ იყო ქვეყნის საუკეთესო გუნდში გადასვლა?
- აღფრთოვანება საერთოდაც არ მიგრძვნია, არც კი მინერვიულია. რა თქმა უნდა, "დინამო" უდიდესი ისტორიის მატარებელი გუნდია, ამიტომ იქ გადასვლა მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულო ამბავია.

- როგორც ბავშვი, უფროსებთან ერთად თუ თამაშობდი?
- დიახ, მაგრამ ეს პროფესიონალურ დონეზე არ ყოფილა. ყველანი ეზოს ფეხბურთის დონეზე ვიყავით, თუმცა ის ბავშვები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ, ზოგიერთი საერთოდაც 20 წლის იყო. ის ყველაფერი ჩემთვის ცხოვრების კარგი გამოცდილება გახლდათ.

- როდესაც უფროს ადამიანს ატყუებდი, ფეხებში არ გირტყამდნენ?
- ცოტათი დიახ, მტკიოდა კიდეც, თუმცა ძალიან არა.

- სლუცკიმ განაცხადა, რომ პირველ ვარჯიშზე დაცემისა და სამედიცინო მოთხოვნის გამო ფეხბურთელების დაჯარიმება დაიწყო, ამის შემდეგ კი ვარჯიში უნდა გაგეგრძელებინათ...
- პირველი შემთხვევის დროს არ დამაჯარიმეს, თუმცა ახლა კი, დიახ, ასეთი პრაქტიკაც არსებობს. მძიმე კონტაქტის დროსაც ჩვენ ვდგებით და ვარჯიშს ვაგრძელებთ. თუ არ მოკვდი, უნდა წამოდგე.

- ბავშვობაში სად თამაშობდი?
- ჩვენ ასფალტის მოედანი გვქონდა, შემდეგ ბალახისაც გაკეთდა, თუმცა, როდესაც უფროსები თამაშობდნენ, ჩვენ გვიწევდა ისევ უკან, ასფალტიან სტადიონზე გადასვლა, რის გამოც მუხლები სულ ნატკენი გვქონდა.

Sportall.Ge

- ფეხბურთის სახეობის რომელი თამაში გერჩივნა ბავშვობაში? მაგალითად, ჩვენ გვაქვს "ბანანი" და "300". არის რაიმე მსგავსიც საქართველოში?
- ჩვენ გვაქვს თამაში "105". ბურთი ხარიხას ან ძელს უნდა გაარტყა, რომლის შემდეგაც უნდა გაიტანო, რომ ქულები დააგროვო. აუცილებლად უნდა მოარტყა ჩარჩოში (იგივე თამაშია, რაც რუსული "300").

- ზამთარში რას თამაშობდი?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, წვიმდა, თოვდა. თუმცა საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, თოვლი იმდენად ხშირად არ მოდის.

- თქვენ "დინამოს" უფროს გუნდში გამოსვლა 15-16 წლის ასაკში დაასრულეთ. როგორი იყო პირველი ვარჯიში ბაზაზე?
- რა თქმა უნდა, თავდაპირველად ძალიან რთული იყო. როდესაც 15 წლის მოზარდი უფროსებთან ერთად თამაშობ, საკმაოდ რთულია, თუმცა მე ყველაფერს ვაკეთებდი, რადგან თუ გინდა ფეხბურთის თამაში, მაღალ დონეს უნდა შეეჭიდო და ადაპტირდე.

- იქვე იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი - ზურიკო დავითაშვილი, ვისთან ერთადაც "რუბინში" თამაშობდით. გაიჩინეთ მეგობრები საქართველოში?

- მასთან ერთად დაახლოებით 11 წლის ასაკიდან მოვდივარ. როდესაც პატარები ვიყავით, ერთმანეთის მხარდამხარ ვთამაშობდით. თუ მე მასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ, მის მოძრაობას ვგრძნობ, კარგად ვიცი, სად გამეხსნება ან თუნდაც სად გამიკეთებს გადაცემას. ის ნამდვილი ტალანტია. ვფიქრობ, მას აქვს შესაძლებლობა, დიდ კლუბში ითამაშოს.

- საბჭოთა პერიოდში "დინამო" სუპერგუნდად ითვლებოდა, ისინი წარმატებას ევროპის მასშტაბით აღწევდნენ. "რუბინთან" შედარებით, როგორია ახლა ის გუნდი?
- "რუბინის" ინფრასტრუქტურა ბევრად განვითარებულია. იქ ბევრი კარგი მოედანი არ არის. ამავდროულად, "დინამოს" კარგი ბაზა აქვს. სიმართლე გითხრათ, საქართველოში 3-4 გუნდია, რომლებსაც კარგი ბაზა და ნორმალური შესაძლებლობები აქვთ.

- თუ "რუბინი" საქართველოს ჩემპიონს დაუპირისპირდება, ვინ გაიმარჯვებს?
- რა თქმა უნდა, "რუბინი" გაიმარჯვებს, თუმცა საქართველოში სხვა კარგ გუნდებსაც შეხვდებით, მაგალითად, თბილისის "ლოკომოტივი", რომელმაც მოსკოვის "დინამო" ევროპის ლიგიდან გამოთიშა. ჩემს ქვეყანაში ასევე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, რაც ჩემპიონატს ნამდვილად ეხმარება. ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს და ვითარდება, მოედნები შენდება, ბაზები და ა.შ.

- რუსეთში ფეხბურთის თამაში დაცვითა და ტაქტიკით გამომდინარეობს. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
- მართლაც, "რუბინსა" და ზოგადად, რუსეთში, ტაქტიკურად სრულიად განსხვავებული თამაში მიდის. თქვენთან განსაკუთრებული ყურადღება დაცვას ექცევა. საქართველოში, რა თქმა უნდა, დაცვის თამაშიც სავალდებულოა, თუმცა ქართულ მენტალიტეტს ვერაფერს უზამ, მოთამაშეები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, მათთვის ბურთის წართმევა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

- ტაქტიკის კუთხით, ძნელი იყო რუსეთში თავის დამკვიდრება?
- ის მარტივი იყო, რადგან "ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი გახლდათ. მე მას ყველაფერზე ვესაუბრებოდი და ვიგებდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, მე ვვარჯიშობდი, ვუყურებდი თანაგუნდელებს და ვსწავლობდი.

- "დინამოს" შემდეგ თქვენ "რუსთავში" თამაშობდით. რატომ გადაწყვიტეთ გრანდიდან დაბალი ეშელონის გუნდში გადასვლა?
- ის ჩემი აგენტის, მამუკა ჯუღელის გუნდია. მითხრეს, რომ იქ ბევრად მეტი პერსპექტივაა, მეტი სათამაშო დროც. ჩემთვის ეს უკანასკნელი კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გადავწყვიტე, რომ "დინამოში" ვარჯიშზე მეტად სათამაშო დრო მჭირდებოდა.

- როგორია რუსთავი?
- ის პატარა ქალაქია, თბილისიდან 40 წუთის სავალზე.

- როგორია დიდი ქალაქიდან პატარაში გადასვლა?
- ჩვენ თბილისში ვვარჯიშობდით, ასევე, სახლის თამაშებსაც დედაქალაქში ვთამაშობდით, რადგან იმ დროს "რუსთავის" მოედანი ჯერ კიდევ შენების პროცესში იყო. გულშემატკივრები ყველა თამაშზე დაგვყვებოდნენ, ამის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონდათ.

- როგორია საქართველოში გულშემატკივრობა?
- ფეხბურთზე გულშემატკივართა დიდი ნაწილი არ დადის, თუმცა მათი ხმა მაინც ყველა მხრიდან გვესმის. მაგალითად, "დინამოს" კარგი გულშემატკივრები ჰყავს. ასევე ძლიერი მხარდამჭერები ჰყავს ქუთაისის "ტორპედოსაც".

Sportall.Ge

- მამათქვენი, ბადრი კვარაცხელია, ყოფილი ფეხბურთელი გახლდათ. ახლა მწვრთნელია?
- დიახ, თუმცა მას არასდროს დაუძალებია ჩემთვის მოედანზე წასვლა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. მამაჩემმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში უამრავი გოლი გაიტანა. ის ასევე აზერბაიჯანელთა ნაკრებში ასპარეზობდა.

- მას დიდი კარიერა ჰქონდა, რა გახსოვთ თქვენ?
- მე არაფერი მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა მაქვს ჩანაწერები და ვუყურებ ხოლმე. იცით, როდესაც პატარა ვიყავი, მითხრეს, რომ საუკეთესოები მესი და რონალდო იყვნენ, თუმცა მჯეროდა, რომ მამაჩემი მათზე უკეთ თამაშობდა.

- მამათქვენმა აზერბაიჯანის ნაკრები რატომ აირჩია?
- რთულია გიპასუხოთ ამაზე, რადგან მასთან ამაზე არასდროს მისაუბრია. მამაჩემი აზერბაიჯანის ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა. ეს, ალბათ, მისი პირადი არჩევანი იყო. არ ვიცი, ქართველები ამაზე რას ფიქრობდნენ.

- ახლა ის საქართველოში ცხოვრობს, რას საქმიანობს?
- რამდენიმე წლის წინ მან, ჩემი თხოვნის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, რადგან მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. უკეთესი იყო, სახლში დამჯდარიყო და ჩემი თამაშებისთვის ეყურებინა.

- სლუცკის მოსვლის შემდეგ თითქმის ყველა ქართველმა გუნდი დატოვა. იყო ეს თქვენთვის მოსაწყენი?
- თავდაპირველად, ჩვენ ერთად ვთამაშობდით. როდესაც მას გადასვლა მოუწია, მე მარტო დავრჩი. ახლა რუსულად უკეთ ვსაუბრობ, მაშინ საერთოდ არ გამომდიოდა. მანამდე გუნდში ნიკა ყიფიანი გამოდიოდა, რომელიც თარგმნაში მეხმარებოდა.

- სკოლაში რუსულ ენას სწავლობდით?
- მე-3 კლასის შემდეგ საქართველოში რუსულსა და ინგლისურს ყველა სწავლობს.

- როდესაც "რუბინში" მოდიოდი, იცოდი, სად ხვდებოდი?
- დიახ, ეს გუნდი ვიცოდი, რადგან აქ უამრავი ქართველი გამოდიოდა. მე მათ ტრანსფერამდე ვესაუბრე, ნუკრი რევიშვილს, ლაშა სალუქვაძეს, დავიდ კვირველიას.

- იმ დროს 18 წლის იყავით. როგორ დაუკავშირდით ზრდასრულ ლაშა სალუქვაძეს?
- ჩვენ "დინამოში" ერთად გამოვდიოდით. მე როდესაც დავიწყე თამაში, ის მაგ დროს ასრულებდა, ჩვენ შეკრებაზე ერთად დავდიოდით.

- რა გითხრათ სალუქვაძემ "რუბინთან" დაკავშირებით?
- მან თქვა, რომ კარგი გუნდია და ზოგადად, მშვენიერი ქალაქიცაა.

- ვინაა თქვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი?
- ვფიქრობ, კახა კალაძე. ძლიერი ფეხბურთელი, რომელმაც 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შეტევით ჭრილში - გიორგი ქინქლაძე, რომელსაც მესის მსგავსი ტალანტი ჰქონდა, თუმცა ეს ვერ გამოავლინა. ვფიქრობ, მას "ოქროს ბურთის" მოგებაც კი შეეძლო. რთულია დავასახელო მესამე ადამიანი, რადგან გვყავდა ძმები არველაძეები, თემურ ქეცბაია და ა.შ.

Sportall.Ge

- ვინაა შენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი?
- მე ქინქლაძე მომწონდა, თუმცა კალაძემ ბევრად დიდი ფეხბურთი ითამაშა. მე გიორგის თამაშებს ვერ ვუყურებდი, თუმცა ახლა მაქვს შესაძლებლობა, ჩანაწერს ვუყურო. ის სუპერტალანტი იყო. ყველა ერთ აზრზე იყო, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა.

- ის ასევე "რუბინშიც" თამაშობდა. პირადად იცნობთ მას?
- დიახ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. მათი თაობა სულ მეუბნება, რომ მე პროფესიონალურ დონეზე ყველაფერი უნდა გავაკეთო.

- მოდით, თემა შევცვალოთ. თქვენი ახლობლები ყაზანში ბოლოს როდის ჩამოვიდნენ?
- კარანტინამდე. ახლა ისინი სახლში არიან. უმჯობესია კოვიდ 19-ს თუ მოერიდებიან, იქ შედარებით მშვიდობაა.

- თქვენ გქონდათ ხომ კოვიდი?
- კი, საქართველოში ყოფნის დროს, რამდენიმე დღეში მაკედონიასთან მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, თუმცა ავად გავხდი და სამწუხაროდ, გამოტოვება მომიწია.

- ალბათ, სწორედ შენ აკლდი გუნდს ამ მნიშვნელოვან თამაშში...
- არ ვიცი, თუმცა საქართველოში ყველანი ღელავდნენ ამასთან დაკავშირებით. მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, შანსი გვქონდა ევროპის ჩემპიონატზე გავსულიყავით.

Sportall.Ge

- თქვენ სუპერვარსკვლავი ხართ ხომ საქართველოში? საუკეთესოდაც დაგასახელეს...
- არა, არ ვარ. კარგია საუკეთესოდ დასახელება, თუმცა ვარჯიში გრძელდება. აღიარება ნამდვილად კარგია, თუმცა მე ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ქუჩაშიც, რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, ფოტოებს ვიღებთ, ავტოგრაფს ვაძლევ, ზოგიც "რუბინის" თამაშებზე ჩამოდის.

- ადრე ამბობდნენ, რომ თქვენ ბადრი კვარაცხელიას შვილი იყავით; ახლა, ალბათ, პირიქითაა, ის ხვიჩა კვარაცხელიას მამაა?
- შესაძლოა, თუმცა მე მამაჩემის შვილი ვარ, მაგრამ მინდა მასზე დიდი კარიერა მოვიწყო.

- წარმოიდგინეთ, სლუცკი რუსეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა და მიგიწვიათ იქ. თქვენ რას ეტყოდით?
- მე ქართველი ვარ, დავიბადე საქართველოში და ვითამაშებდი ჩემს ნაკრებში. კი, იქ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის შანსი არ გვაქვს, თუმცა ის ჩემი სამშობლოა. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ვერაფერს მიაღწია იქ. შემდეგ მოვიდა გარეთ ბეილი და გაიყვანა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე. ყველას თავისი გზა აქვს...

- იცოდით სლუცკისთან დაკავშირებით რაიმე მანამ, სანამ "რუბინში" დაინიშნებოდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, ის "ჰალესა" და "ვიტესში" მუშაობდა. მახსოვს მისი ცსკა-ც.

Sportall.Ge

- ყოველ კვირას თქვენთან დაკავშირებით უცხოური პრესა ბევრ სიახლეს წერს. სად ითამაშებდით?
- ბავშვობიდან "რეალს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ გუნდში გადასვლა.

- ბოლოს მინდა ვთქვა: რუსტემ საიმანოვმა თქვა, რომ მას მომდევნო წელსაც უნდა შენი შენარჩუნება. ეთანხმები?
- არ ვიცი, რთული კითხვაა და პასუხიც რთულია, რადგან არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. მე დღევანდელი ცხოვრებით ვცხოვრობ. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი აღზრდილი ხარ ხვიჩა.
გრიგოლი1408
12:38 23-04-2021
0
დიდი ფეხბურთელი და ღირსეული ადამიანი, მჯერა წინ ბევრი წარმატება ელოდება
aleksandre
13:26 23-04-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული