
ქართველების "ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში აელ-ი 2:1 დაამარცხა.
უკვე კარგა ხანია გარკვეულია, რომ "ანორთოსისი" ჩემპიონატზე მეოთხე ადგილს დაიკავებს და ამდენად, ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. 24sports-ის ცნობით, თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა. გოლები ფამაგუსტური გუნდიდან ამბარცუმიანმა და კორეამ გაიტანეს.
"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ქვილითაია - მე-80 წუთზე.
"ანორთოსისი" 9 მაისს, უკანასკნელ ტურში, აეკ-ს შეხვდება, 15 მაისს კი - თასის ფინალში "ოლიმპიაკოსს".