"მომავალ სეზონში უნდა დავბრუნდე" - ინტერვიუ ლუკა ლაკვეხელიანთან

AutoSharing Option
22 წლის პერსპექტიულმა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა "მეზეკოვეშდში" სერიოზული ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ლუკას მდგომარეობის გასარკვევად უნგრეთში დავუკავშირდი და ინტერვიუ ჩამოვართვი, რომელიც ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.

- პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის ამბავი გვაინტერესებს. საკმაო ხანია, რაც აღარ გამოჩენილხართ...
- რეაბილიტაციის კურსს უკვე ექვსი თვეა გავდივარ, თუ ყველაფერი კარგად განვითარდა, შემდეგის სეზონისათვის სათამაშოდ  მზად უნდა ვიყო. ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. 

- ჩვენი მოთამაშეების ხშირი ტრავმიანობა გვაღელვებს. რამდენად ხართ მასზე მიდრეკილი?
- ასეთი სიმძიმის დაზიანება პირველად მივიღე, აქამდე მიკროტრავმები თუ მაწუხებდა. ამისგან დაზღვეული
არავინაა, შეიძლება ფეხის არასწორად დადგმამაც კი დაგაზიანოს. დიდი უქმობის შემდეგ, რა თქმა უნდა, საგანგებო რეჟიმი და ყურადღება დამჭირდება.

- თქვენი გუნდის მდგომარეობას როგორ შეაფასებდით, ხელმძღვანელობა  რამდენად კმაყოფილია? ასევე, უნგრეთის ჩემპიონატის დონეზე  რას იტყოდით?
- მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბი მთლიანად  შეიცვალა, გაუმჯობესდა შედეგები და ახლა ყველა და მათ შორის, ხელმძღვანელობა კმაყოფილია. უნგრეთში განვითარებისათვის  ყველა პირობაა -  კარგი სათამაშო მინდვრები, სათანადო გაშუქება.

-  იყო თუ არა "მეზოკოვეშდშის" გარდა  სხვა ვარიანტები და რას აპირებთ მომავალში?
- სხვა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, ამ გუნდს ჰქონდა დიდი ინტერესი და გადამიბირა კიდეც....  დარჩენის საკითხზე ჯერ არაფერი ვიცი. 

მიმაჩნდა,  ეროვნულ ლიგაში საკუთარი თავი ამოვწურე, ახალი ეტაპი და გამოწვევები იყო საჭირო.

- მაინც, რა დონეა უნგრეთის ჩემპიონატში და რამდენად გაგიჭირდათ ფიზიკური გამძლეობის კუთხით?
- აქ საშუალო ევროპული დონეა. უფრო მეტად ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევრები არიან. ვერ იტყვი, რომ ჩემპიონატში მცველებს ძალიან უნდა გაუჭირდეთ, თუმცა არც დაბალი კლასის მეტოქეებია .

როცა საქართველოდან ჩამოდიხარ, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს აწყდები, უფრო მაღალი ტეპია, თუმცა თუ მოინდომებ, ყველაფერს ეჩვევი. 

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თქვენ პოზიციაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრობლემა იდგა, ახლა კი სანაკრებო შანსი გურამ გიორბელიძემ მიიღო. როდესაც ფორმაში იყავით, შანსს იმსახურებდით?
- ვფიქრობ, იყო პერიოდები, როცა შეიძლებოდა დამეცვა ეროვნული ნაკრების ღირსება.

გიორბელიძეს ეროვნული ლიგიდან ვიცნობ, მან კარგად ითამაშა და წარმატებებს ვუსურვებ. ნაკრებში ასპარეზობა კი ყველას ოცნებაა!


altლუკა ლაკვეხელიანი უკვე "მეზეკოვეშდშია"

მკითხველის კომენტარები / 4 /
აგერაა გორის დილა და მისი ჯანი.
გენა
18:50 10-05-2021
1
ასაკობრივ ნაკრებში,ლუკა ნაკრების ერთერთი ლიდერი იყო,თუმცა როგორც მახსოვს,ფეხი მოსტეხეს და დიდი ხანი გაუცდა.ტრავმის ხასიათში,შესაძლოა ვცდები,მაგრამ ყოველ შეთხვევაში,მას ხანგრძლივი ტრავმა,ნამდვილად ჰქონდა.კარგია,თუ შეძლო და დაივიწყა.წარმატებებს,სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ლუკას.ძალიან ტექნიკური,სწრაფი ფლანგის მცველი იყო და ნაკრებისთვის,ნამდვილად მეიმედებოდა.ახლაც მეიმედება.მთავარია გამოჯანმრთელდეს.
სოსო
10:07 10-05-2021
0

სიახლეები პოპულარული