ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სლოვანმა", რომლის მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია და რომლის ღირსებასაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ, "შემროკ როვერსი" დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბრატისლავურმა გუნდმა სახლში მეტოქეს 2:0 სძლია, ხოლო გასვლაზე 1:2 წააგო. დუბლინში ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს, ვაისი კი გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო დარჩა. აღსანიშნავია, რომ "სლოვანიდან" ერთადერთი გოლის ავტორი ვაისის შვილი ვლადიმირ ვაისი-უმცროსია. ნამატჩევს კლუბის საიტთან კომენტარი სლოვაკური გუნდის დამრიგებელმა გააკეთა:
"მეტოქე ეშმაკივით იბრძოდა და გამარჯვებამ გამახარა. "შემროკმა" ემოციურ ფონზე კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როდესაც მის ფეხბურთელებთან ბრძოლებს ვაგებდით, ისინი ჩვენზე უფრო სწრაფად მოქმედებდნენ. ჩვენ ნაკლებს დავრბოდით. შესვენებამდე გოლის გატანა გვმართებდა და მაშინ სულ სხვა თამაში წავიდოდა. ზოგიერთ მოთამაშეს, მათ შორის ძალიან გამოცდილს, ვერ ვცნობდი, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ. ფსიქოლოგიამ და პასუხისმგებლობამ დიდი როლი ითამაშა, მაგრამ მოედანზე თავის კარგად წარმოსაჩენად მათ კარგი ხელფასები და კონტრაქტები აქვთ.
საუბარი სხვა რამეზეა, სლოვაკურ ლიგაში ასეთი გამოცდა არ გვექნება. ხალხი იფიქრებს, რომ ირლანდიური ლიგა სუსტია, მაგრამ ვნახეთ, რა არის თანამედროვე ფეხბურთი, სადაც ძალა, სირბილი და ვნებათაღელვაა. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, შეცვლაზე რაბიუს შესვლის შემდეგ ბურთს უკეთესად ვფლობდით და ვლადომ ლამაზი გოლი გაიტანა, რომელმაც გადაგვარჩინა. უკეთესად უნდა გვეასპარეზა.
ჩვენი შემდეგი მეტოქე "იანგ ბოიზია" და ფავორიტი მეორე რაუნდში ისაა. ვიბრძოლებთ და ვფიქრობ, უკეთესად ვითამაშებთ, ისეთივე შემართებით, როგორც დღეს "შემროკი". ყველაფერს გავაანალიზებთ, იქნებ იქამდე კარგი ტრანსფერიც განვახორციელოთ, რაც თამაშის ხარისხს და ჩვენს შანსებს გააუმჯობესებს. აქ იმისათვის მოვედი, რათა რაღაც კარგი განვიცადო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ".
21 ივლისს "სლოვანი" "ინგ ბოიზს" უმასპინძლებს, 28 ივლისს კი საპასუხო შეხვედრა ბერნში გაიმართება.