"შახტარიდან" "კოპენჰაგენში" გადასულმა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ თავის ახალ გუნდში პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"კოპენჰაგენი", რომელიც 73-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა (მცველმა ბოილესენმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო), დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ოლბორგთან" ფრეს დასჯერდა - 2:2. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ მატჩს 38 065-იან "პარკენზე" 13 326 მაყურებელი დაესწრო. რაც 2020 წლის თებერვალში "სელტიკს" უმასპინძლეს, ყველაზე დიდი დასწრებაა. ხოჭოლავამ მეტოქის ესპანელი თავდამსხმელი რუფო წესების დარღვევით შეაჩერა და გაძევებას გადაურჩა.
"კოპენჰაგენის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა ნამატჩევს თქვა, რომ როდესაც 2:1-ს იგებდნენ, მესამე გოლის გატანა და საქმის მოთავება მართებდათ; როცა კაცნაკლულები დარჩნენ, მისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა თავგანწირულად იბრძოლა და დაკარგული ქულების გამო დასკვნები უნდა გამოიტანონ.
22 ივლისს, დავითის გუნდის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსულ "ტორპედო-ბელაზს" უმასპინძლებს.