„მამარდაშვილის მესამე ლიგაში გაშვება ბარბაროსობაა, თუმცა ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს“ - ესპანური პრესა ქართველი მეკარით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
20 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ დებიუტმა აღაფრთოვანა ესპანური მედია. შეგახსენებთ, „ატრომიტოსთან“ ამხანაგურ მატჩში მან მეორე ტაიმში ითამაშა და ორჯერ ულამაზეს ნახტომში არ დაანება მეტოქეს გოლის გატანა. გთავაზობთ მედიაში გამოქვეყნებული წერილებიდან ამონარიდებს.

„მარკა“: „მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ახალგაზრდა ქართველის წარმატებული შეჭრა კლუბში დამყარებულ წესრიგს საფრთხის ქვეშ აგდებს.

ბიჭმა პირველად ითამაშა ახალ გუნდში და ის ორი „გაფრენით“ საუცხოოზე მეტი იყო. ამას გარდა, ვარჯიშებზე თავს საუცხოოდ წარმოაჩენს
და მისი მესამე დივიზიონში გაშვება ბარბაროსობა იქნება. მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ოთხი მეკარე ჰყავს და ცხადია, ამდენი არ სჭირდება. სახელფასო განაკვეთის შესამცირებლად იასპერ სილესენის გაყიდვა უნდათ, მაგრამ მსურველი არ გამოუჩნდა. ხაიმე დომენეკი მეორე გოლკიპერი უნდა იყოს, მაგრამ თუ რომელიმე კლუბი მისით დაინტერესდა, წასვლას სთხოვენ. მესამე კლუბის აღზრდილი კრისტიან რივეროა, რომელიც შესაძლოა, იჯარით გაუშვან.

ამასთან, სილესენსა და დომენეკს კუნთის ტრავმები აქვთ და წინასასეზონო სამზადისში აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებენ. ამით რივეროსა და მამარდაშვილს შანსი მიეცათ“.

Eldesmarque: „მამარდაშვილმა სადებიუტო მატჩში შთამბეჭდავად იასპარეზა. წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ბევრის გამოცდის და ახალი რეალიების შესწავლის საშუალებას იძლევა. „ატრომიტოსთან“ ამით გიორგიმ ისარგებლა. მოგერიებული ბურთების გარდა, ის დაცვას უნარიანად კარნახობდა და კარის მშრალად შენახვა მისი დამსახურებაა, როდესაც ბერძნულმა გუნდმა მოწინააღმდეგის შეცდომები ვერ გამოიყენა. მამარდაშვილი მოვიდა, როგორც მესამე გოლკიპერი, მაგრამ თავისი კარგი მუშაობითა და პერსპექტივით ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველი თავის კლასსა და მიზანდასახულობას აქ პირველივე დღიდან ამტკიცებს“.

Deportevalenciano: „ქართველი კიპერის დებიუტი დადებითი გახლდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს. პირველ ტაიმში რივეროს ძალიან ცოტა სამუშაო ჰქონდა და მეორე ტაიმში კარში ადგილი მამარდაშვილს დაუთმო. გულშემატკივრები მის თამაშს მოუთმენლად ელოდნენ და მან იმედები არ გაუცრუა. გააჩნია კარგი რეაქცია და პოტენციალი. კარიდან დამაჯერებლად გამოდის.

ერთადერთი ნაკლი ფეხით თამაშია, მაგრამ ახალგაზრდაა, კარიერაში ყველაფერი წინ აქვს და მომავალში დახვეწს. სოციალურ ქსელებსა და თავად კლუბში გიორგის ასპარეზობამ დისკუსია გამოიწვია - ის მწვავე კონკურენციისთვის მზადაა, რათა გუნდის მეორე მეკარე გახდეს. კარგი დებიუტის მიუხედავად, ჯერ ძალიან ადრეა მასზე საბოლოო აზრის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერ მხოლოდ ილუზიურია. ბორდალასმა უკვე გააკეთა არჩევანი სილესენზე“.

Explica: „ბორდალასის ეპოქაში პირველი შენაძენი მამარდაშვილია, რომელიც პერსპექტივაში განიხილება, მაგრამ დებიუტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მისი მესამე დივიზიონში გაშვება უგვანობაა“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ გამიგია-ამ ახალგაზრდა უნიჭიერეს ქართველ მეკარეზე ღვარძლითა ირონიით რატომ წერთ?გიორგის ნიჭთან ერთად გიორგის შრომისმოყვარეობაც დაანათლა და ამიტომ მჯერა:მალე ვალენსიის პირველი მეკარეც გახდება და მასზე ნადირობაც გაჩაღდება.წარმატებები ვუსურვოთ გიოს თავის საყვარელ ფეხბურთში,მიდი გიო!მეც ესპანეთში ვცხოვრობ,ფეხბურთის მოთაყვანეც ვარ,ფეხბურთში კარგად ვერკვევი და....არაფერი შემეშლება.,,ლა ლიგაში'' დღესაც კი არავის ჩამორჩები.შეცჩვევისა და მცირე ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება ყველას,ამასაც გაივლი და ...გიყურონ მერე!
giorgi janikashvili
11:42 23-07-2021
0
გჯერათ ახლა რომ მამარდაშვილს ვინემ ვალენსიაში ათამაშებს?
პეტრე კუპრი
08:57 23-07-2021
27

სიახლეები პოპულარული