ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" ბრწყინავს - ის საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მეორე ტურში დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" საკუთარ მოედანზე "სილკებორგს" დაუზავდა - 0:0. თუმცა, რომ არა ჩვენებური, შეიძლებოდა დამარცხებულიყო კიდეც.

ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო დაცვის ცენტრში ხოჭოლავას მეწყვილე ნიკოლაი ბოილესენმა, რომელიც წინა ტურში გააძევეს. გუნდს ვერც მცველი ვიქტორ ნელსონი დაეხმარა და დავითთან ერთად ტანდემში შვედმა მარიოს ოიკონომ ითამაშა.

tipsbladet.dk აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრბეკი თავის გუნდში საუკეთესო იყო, მეტოქეებს გასაქანი არ მისცა, ყველა ორთაბრძოლა მოუგო და დასწრებაზეც საუცხოოდ ირჯებოდა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ ხოჭოლავა სრულიად დამსახურებულად აღიარეს "კოპენჰაგენის" საუკეთესო ფეხბურთელად.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადა, რომ ძალიან დაბალ ტემპში ითამაშეს, პრობლემები ჰქონდათ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით და ერთადერთი პოზიტიური რაც იყო, ეს ისაა, რომ გოლი არ გაუშვეს. მისი თქმით, ერთ კვირაში მესამე შეხვედრა ჩაატარეს, ფეხბურთელები გადაიღალნენ, მაგრამ მალე უნდა აღიდგინონ ენერგია.

29 ივლისს "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბელარუსში "ტორპედო-ბელაზს" დაუპირისპირდება (სახლში 4:1 დაამარცხა), ხოლო 1-ელ აგვისტოს ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "ოდენსეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ დავით. წარმატებები! ნაკრებს სჭირდება კარგ ფორმაში!
შოთა
11:07 26-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული