გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" შემადგენლობაში მესამე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა - მისმა გუნდმა "ლევანტეს" 1:0 მოუგო.
"სარაგოსასთან" წინა საკონტროლო შეხვედრაში (0:2) "ღამურების" კარს კრისტიან რივერო იცავდა, ამჯერად კი მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და მან კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, გიორგი აქამდე "ატრომიტოსთან" (3:0) მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, ხოლო "კარტახენასთან" (3:2) შეუცვლელად ითამაშა.
levante-emv აღნიშნავს, რომ ტანმაღალმა ქართველმა გოლკიპერმა დღევანდელ სპარინგში დამაჯერებლად იასპარეზა და როდესაც რობერტო სოლდადო მასთან პირისპირ გავიდა, კარგი რეაქცია გამოავლინა.
4 აგვისტოს "ვალენსია" "მილანს" დაუპირისპირდება, 7 აგვისტოს "ბრენტფორდს", 13 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.