საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე დამკვიდრდა "კოპენჰაგენის" ძირითად შემადგენლობაში.
"ტორპედო-ბელაზთან" ბელარუსში კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ხოჭოლავა მწვრთნელმა იეს ტორუპმა დაასვენა, ვინაიდან ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველივე მატჩში გადაწყდა, დღეს კი დანიის ჩემპიონატის მესამე ტურში გასვლაზე "ოდენსესთან" შეუცვლელად ითამაშა და ისევ ჩინებულად გაისარჯა.
ჩემპიონატზე ორი სასტარტო ფრის შემდეგ "კოპენჰაგენმა" 2:0 გაიმარჯვა და ტორუპი ძალიან გახარებული დარჩა. მან განაცხადა, რომ ზედიზედ 3 მატჩში შეინახეს კარი მშრალად და გოლგაუშვებელი სერია 4 შეხვედრასაც შეადგენდა, რომ არა "ტორპედო-ბელაზთან"
გაშვებული შემთხვევითი გოლი.
ოდენსეში კი მართლაც საფეხბურთო ატმოსფერო იყო, 15 790-იან "ენერჯიზე" თამაშს 12 493 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 2 000 სტუმართა კლუბის გულშემატკივრები იყვნენ და ისინი თავინთი გუნდის გამარჯვებით კმაყოფილები დარჩნენ.
5 და 12 აგვისტოს "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე პლოვდივის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ამ ორ მატჩს შორის კი ჩემპიონატზე 8 აგვისტოს "ბრონდბიუს" უმასპინძლებს.
მოკლედ, დავითი კარგ ქვეყანაში და კარგ გუნდში მოხვდა და წარმატებები ვუსურვოთ.