მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

AutoSharing Option
"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".
კონსტანტინე გამსახურდია

ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, არაორდინალური, სხვაზე მეტი შეუძლია, თამაშის გაკეთება და მატჩის ბედის გადაწყვეტაც. ასეთებს კი ბევრს სთხოვენ, იმაზე მეტს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს მოეთხოვება, მით უმეტეს 20 წლისას. ყველას ავიწყდება, რომ გარემარბია და არა ცენტრფორვარდი და მისგან ბომბარდირობას მოელიან. იგივე "რუბინში" სულ რომ არაფერი გააკეთოს, 2-3 მეტოქე მისი მეურვეობითაა დაკავებული და ამით თანაგუნდელებს საქმეს
უიოლებს. დრიბლინგიც ჩინებული აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი თამაშის ყურება ერთ რამედ ღირს. ნიჭიერ კაცს კი ჩვენშიც და უცხოეთში მრავალი ჩასაფრებული ჰყავს და მუდამ იმას ელოდებიან, ფეხი როდის დაუცდება. ვერ გადავიდა უცხოურ კლუბში, ტრავმაც მიიღო, ვინ იცის, როგორ სტრესში იყო და გამხნევების ნაცვლად კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. სწორედ ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად ძლიერია ფსიქოლოგიურად, როგორ მოახერხებს ამ რთული პერიოდის გადალახვას და იმედია, კვლავ გაგვახარებს. ის ხომ ჩვენი იმედია და სხვა ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა ამოათრიოს ამ ჭაობიდან საქართველოს ნაკრები.

"ურალთან" რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში 62 წუთი ითამაშა და "რუბინის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. ნამატჩევს გასახდელში მარცხენა ბარძაყზე ყინულიანი სახვევი ჰქონდა გაკეთებული და ცხადია, ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. მისი გუნდი ლიდერ "ზენიტს" 3 ქულით ჩამორჩება და 20 სექტემბერს უმასპინძლებს, რომელმაც "ჩელსის" სტუმრად ბრძოლა გაუმართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

დღეს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კვარაცხელია, ჰაკშაბანოვიჩი, დრეიერი და დესპოტოვიჩი გამოირჩეოდნენ და ეს შემტევი ოთხეული რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესოა თუ არა. სლუცკიმ უპასუხა, რომ მთელ ლიგაზე ვერაფერს იტყვის, პლუს ინ ბომით შემტევი ხუთეული ჰყავთ, ყველა ინდივიდუალურად ძლიერია და მათი ურთიერთმოქმედების დახვეწა მართებს, ხოლო რაც შეეხება დრეიერს, რომელმაც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯერ კიდევ არ იცის, რა შეუძლია.

"რუბინი" სულ ამტკიცებდა, რომ კონკრეტული წინადადებით კვარაცხელიაზე არავინ მიმართა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ ოთხ კლუბთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა, ტრანსფერი კი მხოლოდ დროის საკითხია და დიდი ნაბიჯის გადადგმას ეს დრო სჭირდება. მისი თქმით, ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და აუცილებლად ითამაშებს დიდ გუნდში.

"ჩემპიონტმა" გაამხილა, რომ მას გუნდის გამოცვლა ძალიან უნდოდა: "ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული".

ასეა თუ ისე, ხვიჩა რუსეთში დარჩა, ზამთარში ტრანსფერები უფრო ნაკლებად განხორციელებადია, თან "რუბინი" მის ფასს (20 მილიონ ევროს) არ უწევს, ესეც პრობლემაა, სავარაუდოდ ერთი წელი მოუწევს იქ დარჩენა და ახლა მთავარია არ გატყდეს, არ დანებდეს, ჩენ კი მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ. მიდი, ხვიჩა, მიდი, ჩვენ შენ გვიყვარხარ, ჩვენ შენი გვეიმედება!

მკითხველის კომენტარები / 36 /
ყველა ჩავარდნას აღმასვლა მოყვება,ნორმალური პროცესია ოღონდ რუბინიდან უნდა წავიდეს დროზე
david gurgenidze
16:17 03-10-2021
0
წესით ასეთ კომენტარებს და სტატიებს ქართველი გულშემატკივარი და ჟურნალისტები უნდა ვწერდეთ!! ხვიჩა გვეამაყები!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
12:03 19-09-2021
0

სიახლეები პოპულარული