ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.
მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.
რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)