ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sport-express: ხვიჩა გადაფასებულია, 20-25 მილიონად შეფასებულს მეტი მოეთხოვება; ამიტომაა ჯერ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში

AutoSharing Option
მოსკოვის „დინამოსთან“ „რუბინის“ დამარცხების (0:2) შემდეგ ყაზანური გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე „სპორტ-ექსპრესში“ წერილი ჟურნალისტმა ვლადისლავ ზიმაგულოვმა გამოაქვეყნა:

კვარაცხელია ამ სეზონში იმედებს გვიცრუებს: იმოქმედა ტრავმამ, ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა და მეტოქეთა განსაკუთრებულმა ყურადღებამ

ხვიჩა ისევ დაიკარგა და „რუბინმა“ „დინამოსთან“ წააგო.

„დინამო“ დამაჯერებლად გაუმკლავდა ქართველს, რომელიც ჯერ თავის ყველაზე წარმატებულ სეზონს ვერ ატარებს. ხვიჩა კვარაცხელიას ყოველთვის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ განიხილავენ, რომლისგანაც დიდი მოლოდინი და სულ სხვა მოთხოვნაა. და აი, უკვე თითქმის სეზონის მესამედია, ქართველი არადამაჯერებლად გამოიყურება.

„დინამოსთან“ ხვიჩა კვლავ არ იყო ის
ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის, შედეგს და გუნდის თამაშზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ვარელამ დამაჯერებლად შეაკავა ქართველი მარჯვენა ფლანგზე და არც ერთი სახიფათო მომენტის შექმნის უფლება არ მისცა. თვით „დინამოს“ მცველი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა შეტევაში, ვიდრე ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი. ცრუმოძრაობის წარუმატებელი მცდელობები, ბურთის ხშირი დაკარგვები, ცუდი გადაწყვეტილებები პასების გაკეთებისას - კვარაცხელიამ დიდ მატჩში ისევ ვერაფერს მიაღწია.

აგვისტოს შუაში ქართველმა „რუბინის“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირით გამოითიშა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ვერეტენიკოვმა დღეს ხვიჩას ჩავარდნა იმით ახსნა, რომ ტრავმის შემდეგ „ფორმას კრეფს“, მაგრამ ტრავმამდეც ხომ არ ბრწყინავდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 მატჩში 1 გოლია - მეორე ტურში „არსენალთან“. დამარცხება „რაკუვთან“, დაკარგული ქულები „კრილია სოვეტოვთან“ - ეს ჯერ კიდევ ტრავმამდე იყო და ხვიჩა ამ შეხვედრებში გაუგებრად გამოიყურებოდა.

მოთამაშეზე უთუოდ იმოქმედა ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის სიტუაციამ. სწორედ ამ ზაფხულში იმედოვნებდა კვარაცხელია ევროპულ კლუბში გადასვლას. ამაზე ყველანი ღიად საუბრობდნენ „რუბინში“ და მოთამაშის აგენტიც. როდესაც ხვიჩა ყაზანში დარჩა, ძნელი იყო იმედგაცრუებისგან დამალვა. კლუბში ამბობენ, რომ ქართველი ისევ მოტივირებულია, თუმცა ხასიათის გაფუჭებაც მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თამაშზე. როდესაც მთელი ზაფხული გაგზავნიან „ტოტენჰემში“, „მილანსა“ და „ბორუსიაში“ და ჩემოდნების გახსნა ყაზანში გიწევს, ამან არ შეიძლება არ დაგამწუხროს. ხვიჩა ევროპაში გადაბარგების სურვილით იწვის, ტოპ-ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს და ასეთი შედეგის გამო უეჭველად იმედგაცრუებული დარჩა.

სხვა ფაქტორი - ხვიჩას წინააღმდეგ თავდაცვა ისწავლეს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მის მიმართ მწვრთნელები პერსონალური მეურვეობის გეგმას ამზადებენ - ქართველის საწინააღმდეგოდ მოქმედების მკვეთრი ხედვით. მისი თამაშის სტილი ყველასთვის ცნობილია და ხვიჩას ჯერ არაფერ სხვის შეთავაზება არ შეუძლია. ამიტომ ის გუნდები, რომელთაც მეტ-ნაკლებად კარგი მცველები ჰყავთ, ქართველს პირად მატჩებში დამაჯერებლად ანეიტრალებენ. კვარაცხელიამ საერთოდ ვერ გაუტანა გოლი ტოპ-კლუბებს - ბოლო 6 გოლი „ურალთან“, „როტორთან“, „ახმატთან“, „უფასთან“, „სოჭისთან“ და „არსენალთან“ გაიტანა.

ღირს აღიარება, რომ კვარაცხელია ცოტა გადაფასებულია და დღეს ჩანს, რომ ჯერ სულაც არაა 20 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო სტაბილური იქნებოდა, სტრესმდგრადი და ეფექტური. ახლა „რუბინში“ არაერთი ფეხბურთელი უფრო სასარგებლოდ თამაშობს.

გასაგებია, რომ „რუბინის“ ამჟამინდელი პრობლემები უფრო კომპლექსურია და კონკრეტულად კვარაცხელიას ფიგურასთან არაა დაკავშირებული. ეს არაა მცდელობა კლუბის წაგებათა სერიის ქართველის თამაშის ხარისხზე გადაბრალებისა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ფეხბურთელისგან, რომელშიც კლუბი 20-25 მილიონ ევროს ითხოვს, სულ სხვა დონეს ელიან. მის მიმართ სრულიად სხვა მოთხოვნაა და სწორედ ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს ბევრი არაფერი გამოსდის, ელოდებიან შედეგიან მოქმედებას და იმას, რომ სწორედ ის შეიტანს გარდატეხას. თუმცა ეს უკვე მერამდენედ არ ხდება: „დინამოსთან“ ის ბაკაევმა შეცვალა, რომელიც მისთვის გამოყოფილ 26 წუთში უფრო მწვავედ გამოიყურებოდა.

დღეს კომპლექსში ქართველის ასეთ თამაშსა და ფორმაზე გავლენას ახდენს: ტრავმის შემდეგ არასაუკეთესო ფიზიკური მდგომარეობა, სატრანსფერო ფანჯრის გამო ფსიქოლოგიური ვარდნა და აგრეთვე ის, რომ დიდი ვარსკვლავის სტატუსისადმი სრულად მზად არ არის. ხვიჩა ტალანტია, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლიორი, მაგრამ ჯერ ნამდვილად არაა ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სხვაობა შექმნას და მატჩები მარტომ მოიგოს. ამიტომ თამაშობს ჯერ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში."

ასევე დაგაინტერესებთ