სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.
დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი