საქართველოს ნაკრებისა და კორეული "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
"ულსანი" თანამემამულე "ჩონბუკ მოტორსს" გასვლაზე ხვდება, ვაკომ კი გოლი მე-13 წუთზე გაიტანა, შეხვედრის ძირითადი დრო კი ფრედ, 2:2 დასრულდა. ვაკოს გუნდმა დამატებით დროში 1 გოლის შეგდება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა, რამეთუ აღნიშნულ ეტაპზე დაპირისპირებებში გამარჯვებულები 1 მატჩში გამოვლინდებიან.
ყაზაიშვილმა მოედანზე 110 წუთი გაატარა.
"ულსანი" ნახევარფინალში ისევ კორეულ "პოჰან სთილერსს" შეხვდება, რომელიც K ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო 1/4-ფინალში იაპონიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ "ნაგოია გრამპუსს" 3:0 სძლია.
აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალში "ულსანმა" იაპონიის ჩემპიონი "კავასაკი ფრონტალე" დაამარცხა.