დიდ ინტერესს იწვევს უკრაინის პრემიერლიგის წლის დასკვნითი ტურის დაპირისპირება, სადაც ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის "ჩერნომორეცი" საბა კვირკველიას "მეტალისტ 1925"-ს უმასპინძლებს. სამივე ქართველ ლეგიონერს ძირითად შემადგენლობაში ველით.
მიმდინარე სეზონში, ვერცერთი გუნდი ვერ ბრწყინავს. მეათეადგილოსანი კვირკველიას თანაგუნდელები უკვე 5 ტურია, მარცხდებიან (1 შეხვედრა თასზეც დათმეს), ოდესელებმა კი ცუდი სერია 6 ნოემბერს ცოტათი გამოასწორეს ("რუხი" 4:3 დაამარცხეს, სადაც წიტაიშვილმა გოლი გაიტანა), თორემ ცხრილის ფსკერში (მე-14 პოზიციაზე) არიან.
ოდესური მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე
ამ შეხვედრამდე 30 წუთით ადრე ოთარ კაკაბაძის "კრაკოვა" პოლონეთის ექსტრაკლასის ბოლოადგილოსან "ლეჩნას" მიიღებს.
"რაკუვის" კარში გატანილი შედევრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. კრაკოველები 3-4-3 ტაქტიკით ასპარეზობენ და ოთარი მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. საინტერესოა, რომ ბოლო დროს, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში მსგავს განლაგებას მიმართავს, თუმცა კაკაბაძე იქ ცენტრალური მცველის ფუნქციებს ასრულებს.
"კრაკოვიას" 17 მატჩის შემდეგ 23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.
კვირას კვიპროსის ჩემპიონატში ჩვენთვის საინტერესო 2 მატჩია. ლიდერი "აპოლონი" "არისს" (19:00 სთ) უმასპინძლებს, თუმცა გიორგი პაპუნაშვილსა და რევაზ ინჯგიას ფაქტობრივად, არ ენდობიან.
"აპოელი" ნიქოზიურ დერბიში "ოლიმპიაკოსს" ესტუმრება. გასულ ტურში ("პაფოსთან" 1:1) ქართველებიდან მხოლოდ მურთაზ დაუშვილმა ითამაშა. მოგეხსენებათ, გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა, თორნიკე ოქრიაშვილმა კი ბოლოს "ომონიასთან" (0:0) 90 წუთი ითამაშა. მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს.
"მეტალისტის" მწვრთნელს კვირკველიაზე ჰკითხეს, ქეცბაია ისევ ანერვიულდა - ქართველების შაბათი
კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება
"კორონავირუსის რომანტიკული პაციენტი" - ქვილითაია დაინფიცირდა