მასპინძლები მე-18 წუთზე ბალდემ დააწინაურა, 21-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავით ანგარიში გაათანაბრა, 35-ე წუთზე აელ-ი მილინკეანუმ ისევ წინ გაიყვანა, 66-ე წუთზე მაგლიკამ თანაფარდობა კვლავ აღადგინა, ხოლო 75-ეზე ქვილითაია ორ მცველს გასცდა, მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. ისე, მეტის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამი მომენტი ვერ გამოიყენა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 7, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.
ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო და 90-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 26-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„აპოელი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 თებერვალს გასვლაზე „პაეეკს“ დაუპირისპირდება.