უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გამო საფეხბურთო გუნდების ლეგიონერები შეშფოთებულები არიან და ზოგიერთები, რომლებიც ახლა თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან, კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტას ფიქრობენ, - იტყობინება ჟურნალისტი იგორ ციგანიკი.
ხარკოვის "მეტალისტი", რომლის ღირსებასაც საბა კვირკველია იცავს, შეკრებაზე ანტალიაშია, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი ნედელინმა კი შექმნილ სიტუაციაზე ინტერვიუში ისაუბრა.
"როგორ რეაგირებენ შექმნილ ვითარებაზე ლეგიონერები? ჩვენთან სრული სიმშვიდეა. არავის თვალებში პანიკა არ არის, არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს. შემიძლია ვივარაუდო, რომ აქ არავითარ ინფორმაციას არ იღებენ, ჩვენს საინფორმაციო საშუალებებს არ ეცნობიან. მათთვის ყველაფერი ჭორების დონეზეა.
ხელმძღვანელობის მხრიდან არავის მოუმართავს ფეხბურთელების ბრაზილიაში ან საქართველოში წასვლის თაობაზე.
პირველ რიგში, მინდა ჩვენს სამხედროებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც თვითდაჯერებულობას გვმატებენ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი შეტევის მოსაგერიებლად საკმაო ძალა და ინსტრუმენტები გვაქვს. ჩვენ ძალიან ძლიერი ერი ვართ, ძლიერი ქვეყანა, საკუთარ მიწაზე ვიმყოფებით და ვიღაც თეორიულმა დამპყრობლებმა არ უნდა შეგვაშინონ. მით უმეტეს, ცივილიზებულმა სამყარომ ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი ასე ადვილად დაჩაგვრა შესაძლებელია, მე მათ ადგილზე არც ვიფიქრებდი უკრაინისკენ დაძვრას - აგრესორებმა შეიძლება კბილებში მიიღონ".