თასის ნახევარფინალში "პაკშისთან" სამწუხარო წაგების (0:3) შემდეგ, ქართველების "უიპეშტი" უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში სტუმრად "ფერენცვაროშთან" დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ჩემპიონატზე რამდენიმე გამარჯვების შემდეგ "უიპეშტმა" გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ლიდერებს მიუახლოვდა და ამ შეხვედრას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მე-6 წუთზე სტუმრები ბუდუ ზივზივაძემ გიორგი ბერიძის მოპოვებული პენალტით დააწინაურა, რომელმაც ტურნირზე "უიპეშტში" 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა. თუმცა, მერე "ფერენცვაროშმა" ორი გოლი გაიტანა და წინ გაიჭრა. 90+3-ე წუთზე მსაჯმა "ფერენცვაროშის" ნახევარმცველი ბალინტ ვეკსე გააძევა, ხოლო 90+5-ეზე "უიპეშტის" ფრანგმა ლეგიონერმა იოჰან კრუაზემ ანგარიში
გაათანაბრა, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა.
მოკლედ, "ფერენცვაროშმა" გაიმარჯვა, ვადამდე გახდა ჩემპიონი და მისი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი რუსეთში ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, ბერიძემ 87-ე წუთამდე, ხოლო "ფერენცვაროშის" მცველი ლაშა დვალი და შემტევი გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
"უიპეშტი" 39 ქულით მე-6 ადგილზეა და 1-ელ მაისს "გირმოს" უმასპინძლებს.