"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა spazionapoli.it-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ დაახასიათებდა ის ხვიჩას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა...

"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას მოუწევს კიდევ უფრო ბევრი შრომა, რომ თავისი ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს. ხვიჩა მოედანზე და მის გარეთაც არაჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი აზრით, მომავალში ის ძალიან წარმატებული და დიდი ფეხბურთელი გახდება.

რაც მას ახლა კიდევ უფრო სჭირდება, არის ის, რომ კარიერა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში განაგრძოს. მას სჭირდება მაღალი დონის ევროპული ტურნირები...
დროა, ის შეუერთდეს იმ დიდ ჩემპიონატს, როგორიც სერია A არის და იმუშაოს ისეთ დიდებულ სპეციალისტთან, როგორიც ლუჩანო სპალეტია...

დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი კვარაცხელიათი იამაყებს... შესაძლოა, მას თავიდან გახსნისთვის მცირე დრო დასჭირდეს, რადგან სერია A რუსეთის პრემიერლიგისგან და საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებულია, თუმცა კვარაცხელიას დარ ტალანტს ეს არ უნდა გაუჭირდეს... არ არის ადვილი, გადახვიდე ტოპ-ჩემპიონატში და მაშინვე შეეგუო ამ ცვლილებებსა და განსხვავებებს. 

ინსინიეს შეცვლა? ლორენცოს მსგავსი ნიჭიერი მოთამაშის დაუყოვნებლივ შეცვლა ადვილი არ არის. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან... მათ განსხვავებული მახასიათებლები და თამაშის სტილი აქვთ. ამ ორის სრული შედარება შეუძლებელია. ხვიჩა ყველაფერს გააკეთებს თავისი ნიჭის გამოსავლენად. ვიმეორებ, მას მხოლოდ დიდი კლუბი და დიდი ლიგა სჭირდება, ისევე, როგორც "ნაპოლი" და ასევე დიდი მწვრთნელი, როგორიც სპალეტია.

იყო თუ არა სხვა კლუბების შემოთავაზებაც? - რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა დიდი გუნდებიც, თუმცა კვარაცხელიამ "ნაპოლი" აირჩია. ახლა მთელი მისი კონცენტრირება ჩვენს ჩემპიონატზეა გადართული, შემდეგ კი უკვე "ნაპოლიზე" იფიქრებს...

მას ვუთხარი, რომ განაგრძოს მუშაობა, რათა გახდეს დიდი მოთამაშე ისეთი კლუბისთვის, როგორიც "ნაპოლია". ასეთ მნიშვნელოვან გუნდში გადასვლა მას დაეხმარება და პოზიტიური იქნება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიელებმა გადაავსეს კვარას ინსტაგრამი. ქართულ კომენტარს ძლივს ნახავ :დ
0

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული