"გატუზოს ფილოსოფია ხუთი ფეხბურთელით" - As-მა წერილი გამოაქვეყნა "ვალენსიას" შესახებ. სტატიაში აღნიშნულია, რომ "ღამურების" ახალი მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა "დორტმუნდთან" მოგებულ პირველ ამხანაგურ მატჩში (3:1) შეგირდების თამაშით და მომავალ სეზონში აქცენტს ამ ხუთეულზე გააკეთებს: გონსალო გედეში, იუნუს მუსა, სამუ კასტილიეხო, კრისტიან მოსკერა და გიორგი მამარდაშვილი.
"პატერნაში "ვალენსიას" მწვრთნელის პოსტზე პირველივე დღეს გატუზო ოთხ მეკარეს შეხვდა: მამარდაშვილს, სილესენს, ხაუმესა და რივეროს. ფსონს ის ქართველზე აკეთებს, რომელიც "დორტმუნდთან" სასტარტოში იყო, კარგად ითამაშა და ერთი გოლი მხოლოდ პენალტიდან გაუშვა. შეცვლაზე შევიდა სილესენი, რომლის გასხვისება სურთ,
რათა სახელფასო განაკვეთი შეამცირონ. ის სათადარიგო გახლდათ, ისევე, როგორც გასული სეზონის დიდ ნაწილში ტრავმების შემდეგ. რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს, რამეთუ გატუზოს კონცეფცია გულისხმობს, რომ მეკარემ დროდადრო თითქმის ლიბეროს ფუნქციები შეითავსოს", - წერს გამოცემა.