"კვარასგან ეს დავინახე, გაკვირვებული და გაოცებული ვიყავი..." - ჟურნალისტი, რომელმაც "ნაპოლისთან" ერთად ერთი კვირა გაატარა, ხვიჩას იტალიური ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მაურიციო ნიჩიტამ "ნაპოლის" საწვრთნელ ბაზა "დიმაროზე" ერთი კვირა გაატარა. მან რუსულ "სპორტ ექსპრესს" თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა. გთავაზობთ იმ მონაკვეთს, სადაც ის კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

- ცნობილია, რომ თქვენთვის და თქვენი კოლეგებისთვის ხვიჩას გვარის წარმოთქმა პრობლემატურია. გადაწყვიტეთ უკვე, როგორ დაუძახებთ მას?

- კვა-რა-ცხელია (იტალიური აქცენტით). ნახეთ, არც ისე ცუდად გამომდის, მაგრამ საქმე რომ გავიმარტივოთ, უბრალოდ "კვარა" და ალბათ, ჟურნალისტები და გულშემატკივრები მას სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ.

- როგორ შეხვდით "კვარას" ჯერ ნეაპოლში, შემდეგ კი ჩრდილოეთ იტალიის
სასწავლო ბანაკში?

- მის შესახებ ჩამოსვლის წინა დღეს იმდენი რაღაც დაიწერა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახალწვეული ძალიან თბილად მიიღეს.

მასზე დიდი იმედები მყარდება, მით უმეტეს, რომ "ნაპოლიმ" რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა. ხვიჩას გამოჩენას ვარჯიშზე და ამხანაგურ მატჩებში ყველა მოუთმენლად ელოდა.

"კვარამ" მაშინვე დაიწყო ლამაზი გოლების გატანა - როგორც ორმხრივ, ასევე საკონტროლო შეხვედრებში. ეს ვიდეოები სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. ასე რომ, გულშემატკივრებმა მიიღეს მკაფიო დადასტურება, რომ მათ გუნდთან კონტრაქტს ხელი ნიჭიერმა ბიჭმა მოაწერა. 

- როგორ გამოიყურება "კვარა" რეალურად ცხოვრებაში? როგორ დაახასიათებდით მას?

- ის, რომ "ნაპოლიში" ნამდვილი ოსტატი მიდიოდა, ადრეც ვიცოდი. სხვა რაღაცებმა კი, რაც ამ ბიჭის მხრიდან დავინახე, სასიამოვნოდ გამაკვირვა და გამაოცა. ეს ახალგაზრდა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს.

ჩანს, რომ ხვიჩა საწვრთნელი პროცესისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული და დამუხტულია. აქამდე მასში არ შემიმჩნევია რელაქსაციის ნოტები, რომლებიც დამახასიათებელია ბევრი პერსპექტიული მოთამაშისთვის. ჩანს, რომ "კვარა" უაღრესად მოტივირებულია და სურს დაამტკიცოს, რომ ნიჭის გარდა, შრომასა და დისციპლინას არ არის მოკლებული.

იგრძნობა, რომ ქართველს გუნდში სწრაფად მორგება სურს. ითვისებს ახალ ვარჯიშებს, ცდილობს, რაც შეიძლება მალე გამონახოს საერთო ენა სამწვრთნელო შტაბთან და პარტნიორებთან. ჯერჯერობით, როგორც მე მესმის, ხვიჩა ინგლისურად საუბრობს, მაგრამ თუ მოინდომებს, ისწავლის სასაუბრო იტალიურს. ვუსურვებ მას, ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს, რადგან ენის ცოდნა სერიოზული დახმარება იქნება ნეაპოლში ცხოვრებისთვის.

- ძალიან მომეწონა გოლი, რომელიც კვირას კვარამ "პერუჯას" ოსიმენთან კედლის გათამაშების შემდეგ გაუტანა - ნეაპოლელებმა 4:1 მოიგეს. იტალიაში მაშინვე დაიწყეს საუბარი ახალი დამრტყმელი ძლიერი დუეტის შესახებ - მართალია?

- ბურთი მართლაც მშვენიერი გამოვიდა: ხვიჩამ ოსიმენთან შესანიშნავად იმუშავა და მკვდარი დარტყმა შეასრულა. რა თქმა უნდა, ნეაპოლში უნდათ დაიჯერონ, რომ მათი კომბინაცია ოფიციალურ მატჩებშიც იმუშავებს. სხვათა შორის, ამჟამინდელ "პერუჯას" სუსტს ვერ ვუწოდებთ, ის სერია B-ს ერთ-ერთი ძლიერი კლუბია.

ამასაც აღვნიშნავ... იშვიათ მინახავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მიზანში ასე ხშირად და ზუსტად ურტყამენ! ხვიჩა კი საოცარ სიზუსტეს ავლენს... მის მიერ დარტყმული ბურთი ან კარში მიფრინავს, ან ძელთან ძალიან ახლოს გადადის. ეს ძალიან ღირებული ხარისხია.

- "ნაპოლის" ტიფოზებში "კვარას" გამოჩენიდან ეიფორია სუფევს და მან თქვენზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ არ გეშინიათ, რომ ახალწვეულს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ეს მას ხელს ხომ არ შეუშლის?

- ლუჩანო სპალეტი გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც ასევე მუშაობდა თქვენს ლიგაში (მიმართავს რუს ჟურნალისტს), სადაც ხვიჩაც რამდენიმე წელი თამაშობდა. მჯერა, რომ მწვრთნელი სწორ მიდგომას იპოვის "კვარასთან", მაგრამ რისკი ნამდვილად არსებობს.

როდესაც მიდიხართ სერია A-ში და თუნდაც ცხელ ნეაპოლში, ყველა მხრიდან ასეთი კომპლიმენტური შეფასებების ფონზე, თქვენ უნდა შეძლოთ თქვენი ნიჭის შერწყმა ახალ რეალობასთან და მუშაობა არანაკლები, უფრო მეტი, ვიდრე ამას ადრე აკეთებდით.

"კვარას" გულწრფელად ვუსურვებ, რომ ყველაფერი გამოუვიდეს. ჯერჯერობით დიდი ნიჭის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ესმის, რომ იტალიაში წარმატების მისაღწევად საჭიროა შრომა, შრომა და შრომა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
წარმატებები სულ ჩვენს ვარსკვლავბიჭუნას
0
იფ იფ იფ... კიდევ უფრო სასიამოვნოა როცა ასე ყველაფრის 1-1 ში ახდენას თვალს ადევნებ
რა მაფიაა?
00:04 14-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული