კვირკველია: მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა - იმაზე არ ვიფიქრებ, როგორ გავხდე "ნეფთჩის" ლეგენდა

AutoSharing Option
ლიმასოლში "არისთან" 0:2-ის დამარცხების შემდეგ "ნეფთჩიმ" ბაქოში 3:0 სძლია კვიპროსულ გუნდს და კონფერენს ლიგის მესამე რაუნდში გავიდა. azerisport-მა ინტერვიუ ჩამოართვა "ნეფთჩის" მცველ საბა კვირკველიას.

- ვფიქრობ, ტოპ-გუნდში მოვხვდი. "ნეფთჩი" დიდი ისტორიისა და ტრადიციების კლუბია. მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ყველა ვარიანტიდან, რომლებიც მქონდა, არჩევანი სწორედ აზერბაიჯანულ კლუბზე გავაკეთე, სადაც ევროტურნირებზე თამაში შემიძლია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა და შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.
- ე.ი. გუნდში მოსვლიდან რამდენიმე კვირის მერე არ ნანობთ, რომ "ნეფთჩის" შეთავაზებას დათანხმდით?
- რას ამბობთ, ასეთი რამ თავში არც მომივიდოდა. პირიქით, დილით
გაღვიძებისას ბაზაზე დიდი სიამოვნებით მივდივარ, რათა ბიჭები ვნახო, ვივარჯიშო.

- სხვათა შორის, ბევრს არ სჯეროდა, რომ "არისთან" 0:2 დამარცხების შემდეგ "ნეფთჩი" დაპირისპირების თავის სასარგებლოდ გარდატეხას შეძლებდა, შედეგის გარდა ხომ ნდობას თვით გუნდის თამაში არ იწვევდა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობდით?
- გუნდში საკმაოდ ბევრი ახალწვეულია, მათ შორის, მე. 5-6 ახალწვეული - ეს ცოტა არაა და არავინ მოელოდა, რომ უცბად ავთამაშდებოდით. პირველივე მატჩში ერთმანეთის 100%-ით არ გვესმოდა. მერე ამ ნაკლის გამოსასწორებლად ერთი კვირა გვქონდა. შედეგი ყველამ ნახა. ყოველდღე ჩვენ უკეთესები და უკეთესები გავხდებით. ერთად თამაშს როდესაც შევეჩვევით, შედეგებიც უკეთესი იქნება.

- აქამდე აზერბაიჯანულ გუნდს ევროთასებზე თამაში 0:2-დან არ შემოუტრიალებია...
- ეს ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო (იღიმის)?

- ასეა თუ ისე, მიუხედავად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებისა, საპასუხო შეხვედრაში "ნეფთჩის" თამაში ყველას როდი მოეწონა. ამაზე რას იტყვით?
- ვისაც ჩვენი თამაში არ მოეწონა, სპორტის სახეობის გამოცვლას ვურჩევ. მთელი 90 წუთის მანძილზე მეტოქე პრესინგის ქვეშ გვყავდა, ჩვენი თამაშის შემხედვარე მთელი სტადიონი ფეხზე იდგა. ვიბრძოდით და ბოლოს და ბოლოს სამი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ.

Sportall.Ge

- როგორია მესამე ეტაპზე ავსტრიის "რაპიდთან" შანსები? თქვენ ამ გუნდზე რა იცით?
- შანსი ყოველთვის არსებობს. მოსამზადებლად კიდევ ცოტა დრო გვაქვს. საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელი გვყავს, გაარჩევს მოწინააღმდეგის თამაშს და საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. ასე რომ, მოედანზე გასვლისას მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები გვეცოდინება.

- დავუბრუნდეთ აზერბაიჯანში თქვენ გადმოსვლას. ჩვენთან არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გადაწყვეტილების მიღებამდე ვინმეს რჩევა ჰკითხეთ?
- ვერავისთან დალაპარაკებაც კი ვერ მოვასწარი, რადგან ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. "ნეფთჩის" ინტერესზე როცა მითხრეს, სახლში ვიჯექი, ერთი საათის შემდეგ კი თურქეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩემოდნები ჩავალაგე.

- თქვენს პოზიციაზე თავის დროზე ვალერი აბრამიძე თამაშობდა...
- მე ყველას ვიცნობ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საქართველო დიდი ქვეყანა არაა და ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს იცნობს. ვინც სადაც უნდა წავიდეს, ყველას ვგულშემატკივრობთ.

- იცით თუ არა, რომ "ნეფთჩის" ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი გიორგი ადამია იყო?
- დიახ, ეს უკვე მითხრეს. კარგია, რომ კლუბში, სადაც ვასპარეზობ, ქართველ ფეხბურთელებს ასე აფასებენ.

- შესაძლოა, გუნდის ახალი ლეგენდა სწორედ თქვენ გახდეთ? გაქვთ სურვილი, "ნეფთჩიში" თქვენი კვალი დატოვოთ?
- ვეცდები, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს. თუ შედეგი იქნება, დანარჩენი ავტომატურად მოვა (იღიმის). მთავარია - შედეგი ვაჩვენოთ, კარგად თამაშს ვეცადოთ. არ დავჯდები და იმაზე არ ვიფიქრებ, როგორ გავხდე "ნეფთჩის" ლეგენდა. ახლა ჩემი ამოცანაა 4 აგვისტოს "რაპიდთან" მატჩზე გავიდე და გუნდისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ვიყო. ქომაგებმა კი, დაე, შემდეგ თავად გადაწყვიტონ, ვინაა ლეგენდა და ვინ არა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები, მაგრამ ნეფთჩის ლეგენდობა კომიკურად ჟღერს
ლადო
11:08 02-08-2022
0
სიტყვა დაე იხმარა კვირკველიამ?)))))))))))))))
ვენეციის კომისია
11:04 02-08-2022
1

სიახლეები პოპულარული