რატომ უნდა ეყიდათ VS რატომ არ ღირდა - იტალიური მედიის ანალიზი ხვიჩას ტრანსფერზე

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიაში გამუდმებით საუბრობენ. საფეხბურთო ექსპერტები, მწვრთნელები თუ მოთამაშეები ჩვენებურის თამაშით აღფრთოვანებულნი არიან. იტალიური გამოცემა fantacalcio.it-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის და მის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს.

"მისი სახელისა და გვარის წარმოთქმა ურთულესია, წილად ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა და მოლოდინებიც მაღალია. ქართველს მხრებზე დიდი ტვირთი აწევს. თუ მის პირადობის მოწმობას ვნახავთ, ვიფიქრებთ, რომ 21 წლის ბიჭისადმი ამხელა აჟიოტაჟი უადგილოა, თუმცა ხვიჩას კარიერა უკვე არატრივიალურია და თინეიჯერ მოთამაშედ არ უნდა განვიხილოთ.

Sportall.Ge

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა 2001
წელს დაიბადა და თბილისის "დინამოს" აკადემიაში აღიზარდა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2017 წელს, სულ რაღაც 16 წლის ასაკში შედგა. მალე პირველი პროფესიონალური გოლი ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გაიტანა. გარკვეული მიზეზების გამო "რუსთავს" შეუერთდა, საიდანაც მოსკოვის "ლოკომოტივის" ყურადღება მიიქცია და იჯარის წესით "რკინიგზელებს" შეუერთდა. 18 წლის შემტევს თავდაპირველად გაუჭირდა უცხო ჩემპიონატთან ადაპტირება, თამაშებში უმეტესწილად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. 10 გამართული შეხვედრა და "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობა ყოყმანობს, გამოისყიდოს თუ არა ქართველი. ყაზანის "რუბინის" უფროსობა სწრაფი და მოქნილი აღმოჩნდა, ხვიჩას შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარათ და "კვარაც" მათ რიგებში აღმოჩნდა. ბედის ირონიით, პირველი მატჩი ახალ გუნდში სწორედ "ლოკომოტივის" წინააღმდეგ (1:1) გამართა და ყოფილ გუნდს სადებიუტო გოლი გაუტანა. 2019-20 წლების სეზონში 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, უამრავი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დასახელდა. მომდევნო სეზონში მისი თამაშები უფრო და უფრო სპექტაკლს დაემსგავსა. ამიტომ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო. ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის მორიგი ჯილდოს მოპოვების შემდეგ, მესამე სეზონში მოვლენები განსხვავებულად განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხვიჩამ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. მომენტით კარგად ისარგებლა "ნაპოლიმ" და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გარემარბი გაიფორმა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას როლი

კვარაცხელიას რთული მისია დაეკისრა, შეცვალოს ლორენცო ინსინიე, მარცხენა ფრთაზე მოთამაშე იტალიელი ოსტატი, რომელიც 10 წლის განმავლობაში გუნდს ლიდერობდა. ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ხვიჩა თავდამსხმელის სტილის მოთამაშეა, ლორენცო კი უფრო სიღრმიდან მოქმედებს.

Sportall.Ge

რატომ შეიძინა "ნაპოლიმ" კვარაცხელია

დღეის მდგომარეობით, ხვიჩა ოსიმენთან, რაჰმანისთან და დი ლორენცოსთან ერთად იმ მცირერიცხოვან მოთამაშეთაგანია, რომელსაც სასტარტო თერთმეტეული პრაქტიკულად განაღდებული აქვს. "ნაპოლის" სამწვრთნელო შტაბმა ქართველს სრული ნდობა გამოუცხადა, ფეხბურთელმაც გაახარა გულშემატკივრები და თავი გოლებითა და ასისტებით გამოიჩინა. "კვარა" ორივე ფეხით ძალიან კარგად ურტყამს, მრავალფეროვანი შემტევი არსენალი აქვს... 21 წლის მოთამაშე ირვინ ლოსანოსა და ვიქტორ ოსიმენის თამაშში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ხშირად უბურთოდ მოძრაობს, ქართველი კი მათი შედეგიანობის სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს. თუ მის პროფილს დავუმატებთ ოფიციალურ პოზიციას (ნახევარმცველი), მაშინ ორჯერ დაფიქრება საჭირო აღარაა და ასეთი ფეხბურთელი ხელიდან არ უნდა გაუშვათ!

Sportall.Ge

რატომ არ უნდა შეეძინათ ხვიჩა კვარაცხელია?

გავაგრძელოთ იქიდან, სადაც შევჩერდით, ხვიჩა პოზიციით ნახევარმცველია. თუკი ქართველი სერია A-ს პირველ ორ-სამ ტურში გაიბრწყინებს, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და გონივრულ ზღვარსაც გასცდება. აქ კი კითხვის ნიშნები უნდა დაისვას, ღირს თუ არა ისეთ მოთამაშეში დიდი თანხის გადახდა, რომელიც ტოპ-ჩემპიონატში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. იტალიის ჩემპიონატი სავსეა მაგალითებით, თუ როგორ უჭირთ თავდაპირველად ფეხის მოკიდება შემტევებს, მაგალითად, "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დრის მერტენსი, პატრიკ შიკი, ჯანლუკა კაპრარი. მით უმეტეს, თუ ნეაპოლელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებენ, შესაძლოა, ხვიჩაც მათ რიცხვს შეუერთდეს.

Sportall.Ge

ხვიჩას სტატისტიკა

21 წლის ხვიჩამ პროფესიონალურ დონეზე 117 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე 22 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემა ფიქსირდება. ციფრები ნამდვილად იმედისმომცემია, თუმცა ქართველი ფეთქებადია, 20 ყვითელი და 1 წითელი, ძირითადად, ზედმეტი მონდომების გამო, ეს შეიძლება სერია A-ში პრობლემა იყოს, თუ ბოლო სეზონში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვიმსჯელებთ".

მოთამაშის წიგნაკი

აბსოლუტური სატრანსფერო ღირებულება: 3.5/5

შესყიდვის ღირებულება (იგულისხმება ტრანსფერი "ნაპოლიში"): 4/5

პოტენციალი: 4/5

ტრავმებისგან თავის არიდება: 4/5


შეგახსენებთ, ჩვენებურის დებიუტი სერია A-ში 15 აგვისტოს, "ვერონას" წინააღმდეგ გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ზუგდიდის „დინამო“ გარიგებულ თამაშებში მონაწილეობას უარყოფს და პროკურატურას მიმართავს ქათული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრეთ...................
jorj
21:43 03-08-2022
3
G.LA -"ხვიჩას შესაძლებლობა ჯერ ჩვენც მთლად არ ვიცით"- მსგავსი სიმართლე კვარაცხელიაზე არავის უთქვამს)- დავამატებ - ვფიქრობ ხვიჩა ფლანგზე თამაშით არ უნდა შემოიფარგლოს, რჩება შთაბეჭდილება, რომ შეზღუდულია, სივრცე არ ყოფნის (გაიხსენეთ მომენტები როცა ბურთს ეძებს თავის ნახევარზეც მოძრაობს, ცენტრშიც შემოდის, ფლანგსაც იცვლის), მისი შესაძლო მოქმედების დიაპაზონი აშკარად გაცილებით მეტია და ალბათ გამოჩნდება მწვრთნელი, რომელიც ცენტრში გადმოწევს და თავისუფლებასაც მისცემს. მხოლოდ მაშინ ვნახავთ იმის მაქსიმუმს, რასაც ახლა პოტენციურად ყველა ვგრძნობთ.
goga
17:14 03-08-2022
1

სიახლეები პოპულარული