უქმეებამდე დრო მართლაც აღარ ითმენდა. ესპანური "ლა ლიგა" ხომ დაიწყო და იტალიის სერია "ა"-ში 2 წარმომადგენლით ვბრუნდებით. კახა კალაძეს ამ ლიგაში 246 მატჩი აქვს ჩატარებული. "მილანში" ტიტულოვანმა მცველმა კარიერის ბოლო ნაწილი "ჯენოაში" გაატარა. ლევან მჭედლიძე ("ემპოლისა" და "პალერმოში") ბევრს ვერ თამაშობდა, თუმცა ბუფონის კარი გამარჯვების გოლით (ამ რანგის "ჯიჯისთვის" კალაძესაც გაუტანია) აუღია და "მილანიც" დაუმწუხრებია...
ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრის მიმართ მოლოდინი დიდია, თუმცა ისე მოხდა, რომ "ნაპოლი" თითქმის ყველაზე ბოლოს (ტურს "იუვენტუსი" - "სასუოლო" დახურავს) მე-3 სათამაშო დღეს, ორშაბათს იასპარეზებს.
ნეაპოლელები ჩემპიონატს "ვერონასთან" სტუმრობით იწყებენ, ამ გუნდის უკვე ექსლიდერი ჯოვანი სიმსონე კი სწორედ სპალეტის გუნდში ითამაშებს (ტრანსფერს გაოფიციალურება აკლია). "მარკ'ანტონიო ბენტოგოდიზე" ორშაბათს გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ახლახან ჩაირიცხა და პირველი ტურის განაცდხადშია. იმედია, ქართველი მცველი თავის დამკვიდრებას მარტივად შეძლებს. მათი უმთავრესი მიზანი მაინც ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი უნდა იყოს, თუმცა, ვნახოთ. თეორიულად, იტალიის მთავარ ლიგაში თამაშის შანსი ამ გუნდის 17 წლის მცველს, დაჩი ლორთქიფანიძესაც აქვს.
"კრემონეზე" "ნაპოლიმდე" ზუსტად 24 საათით ადრე, დღეს, 14 აგვისტოს, 20:30 საათზე, "არტემიო ფრანკიზე" "ფიორენტინას" ესტუმრება, მათ მცველებს კი მადრიდის "რეალის" ექსფორვარდ ლუკა იოვიჩთან დაპირისპირება მოუწევთ...
"ვალენსია" და მისი კიპერი გიორგი მამარდაშვილი კი "ლა ლიგის" 2022-23 წლების სეზონს "ჟირონას" მასპინძლობით იწყებენ. ჯენარო გატუზო ახალი ტაქტიკური სქემის ძიებაშია და "ღამურების" აშკარა ფავორიტად დასახელება გაგვიჭირდება, თანაც თუკი ახლადაღზევებული გუნდების სეზონით მონდომებით დაწყებას გავითვალისწინებთ, თუმცა "მესტალიაზე" თამაში სტუმრებს ყოველთვის უჭირთ.
ჟირონელებს 35 წლის ურუგვაელი, კრისტიან სტუანი ჰყავთ, რომელიც ისევ გუნდის ლიდერია. სეგუნდა დივიზიონის გასულ სეზონში მან 24 გოლი გაიტანა. მოსამზადებელ ეტაპზე "ჟირონა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" (1:3) დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველმა გარემარბმა პენალტი მოიპოვა და ზუსტადაც შეასრულა.
შეხვედრა დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
ასე რომ, აგვისტოს ცხელ დღეებში განტვირთვის მშვენიერი საშუალება გვაქვს, ფეხბურთითა და ელიტურ ლიგებში ჩვენებურების რაოდენობის ზრდით უნდა გავიხაროთ, რომელიც ხარისხშიც აუცილებლად აისახება.
ოფიციალურად - ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ფეხბურთელია
"ვალენსია" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით გაძლიერდება
ჩვენი ფეხბურთელების მნიშვნელოვანი კარიერული პროგრესი - ამას ცოტა ხნის წინ ვერ წარმოვიდგენდით...
როგორი გუნდია იტალიური "კრემონეზე", რომელსაც ლოჩოშვილს უკავშირებენ