ცნობილმა სპორტულმა მენეჯერმა ჯანლუკა ნანიმ იტალიურ გამოცემა Tuttomercatoweb-თან ხვიჩას სადებიუტო მატჩის შესახებ ისაუბრა და შეფასება გააკეთა.
"გამაკვირვა თუ არა ხვიჩას ასეთმა თამაშმა? ნამდვილად არა, კვარაცხელიას ძალიან კარგად ვიცნობ, მისი თამაშით ჯერ კიდევ 3 წლის წინ აღვფრთოვანდი, უდიდესი პოტენციალი აქვს, მოედანზე უპირატესობას ქმნის, მეტოქეს მარტივად ატყუებს, განსაკუთრებით ბრწყინვალე უნარებს ავლენს ერთი-ერთზე თამაშისას, თუ ასე მსუბუქად თამაშს გააგრძელებს, ეს მოწინააღმდეგე გუნდებისთვის დამღუპველი იქნება, დრო ყველაფერს გვიჩვენებს". - განაცხადა ნანიმ
ჯანლუკა ნანის ისეთი ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას მიაწერენ, როგორებიც მსოფლიოს ჩემპიონები ლუკა ტონი
და ანდრეა პირლო არიან. 2008 წელს ჯანფრანკო ძოლასთან ერთად "ვესტ ჰემს" შეუერთდა, იტალიელი "ჩაქუჩებში" ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა, ასევე უმუშავია "ვოტფორდსა" და "რედინგში".