მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.
საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.
"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.
რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.
"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.
ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.
უთავმოყვარეო ნაკრებია, გადმოქართულებული გრუზინებით.