მატჩის დღე - რას მოიფიქრებენ ხვიჩას შესაჩერებლად? - ნუ იქნება უხეშობა!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მე-2 სათამაშო დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამსტერდამის "აიაქსს", ერთი კვირის წინ რომ (6:1) გაანადგურა, საკუთარ "სტადიო მარადონაზე" უმასპინძლებს. ნიდერლანდელთა მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს, რაღაც განსხვავებულის მოფიქრება დასჭირდება, რათა მისი გუნდი ნეაპოლელთა შეტევებს გაუმკლავდეს, მათ შორის კი, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში ჯერ ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა, შემდეგ კი, დაზიანების მიუხედავად, ჯაკომო რასპადორისთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და 38 წლის რენკო პასვეერის კარი აიღო.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს 9 ქულა აქვს და მერვედფინალთან ძალიან ახლოსაა. ამის გამო
გარკვეულ როტაციას ისევ ელიან. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ჯოვანი სიმეონემ გოლი მნიშვნელოვან დროს გაიტანა და შესაძლოა, ის სასტარტოში ვიხილოთ. არადა, გვახსოვს, ამსტერდამში მისი კონკურენტი რასპადორი გამორჩეული იყო. ხვიჩა კვარაცხელიას როტაციაზე "კრემონეზესთან" მატჩის წინაც იწერებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ქართველი გულშემატკივრების სურვილი "კვარას" სათადარიგოთა შორის ყოფნა ნამდვილად არაა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა, ამის მიუხედავად, ერლინ ჰოლანს დასვენების საშუალება მაინც ბოლომდე მიეცა.

ვიქტორ ოსიმენი მომჯობინდა. ყველაზე ცუდი, რაც იტალიური კლუბის თავსაა, კოსოვოელი ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის საკმაოდ დიდხნიანი ტრავმაა. არადა, კიმთან ერთად, მან ძალიან საიმედო ცენტრალური დაცვის დუეტი ჩამოაყალიბა. გამოცდილი ბრაზილიელი ჟოან ჟესუსი დიდი ხანია, არ გამოჩენილა, სასტარტოში 22 წლის ნორვეგიელს (საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მომავალი მოწინააღმდეგე) ლეო ოსტიგარს მოიაზრებენ.

Sportall.Ge

ამსტერდამელებს დუშან ტადიჩი დააკლდებათ, რომელიც წინა მატჩში ძალიან უხეშობდა, მათ შორის, კვარაცხელიას წინააღმდეგ. "აიაქსმა" შაბათს საკუთარ ჩემპიონატში "ვოლენდამი" (4:2) დაამარცხა და ცუდი სერია დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე (3 ქულა აქვთ), მათ დღეს ფრეც კი არ აძლევთ ხელს და იძულებული იქნებიან, მოსაგებად შეუტიონ, ეს კი საკმაოდ ბევრ სივრცეს დატოვებს, რის გამოყენებასაც ხვიჩა კვარაცხელიაც ეცდება. მთავარია, ამსტერდამელებმა ისევ უხეშობას არ მიმართონ. 12 მატჩი, 6 გოლი, 4 პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე.

დღევანდელი შეხვედრა ადრე ჩატარდება, თბილისის დროით 20:45 საათზე. შესაძლებლობა გვაქვს, ჯერ ჩვენებურის თამაშით ვისიამოვნოთ, შემდეგ კი ტურის სხვა შეხვედრებზე გადავერთოთ.

altნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება

მკითხველის კომენტარები / 23 /
სტუმრად დიდი ანგარიშით გამარჯვება,ნებსით თუ უნებლიეთ,გუნდის საბრძოლო განწყობას დაბლა სცემს და ამან შესაძლოა ძალიან ცუდი სამსახური გაუწიოთ.სპალეტის დიდი ჯაფა დაადგება გუნდის დასამუხტად და სულაც არ ვარ დარწმუნებული,რომ ამას ბოლომდე შესძლებს.
სოსო
19:37 12-10-2022
3
უმჯობესი იქნება თუ ხვიჩას მეორე ტაიმში შემოიყვანენ, თან დაისვენებს, თან უხეშობასაც მოერიდება და დასვენებულიც უფრო პროდუქტიული იქნება.
თენგაბი
18:35 12-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული