ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლიმ" "რეინჯერსს" გადახალისებული შემადგენლობით 3:0 სძლია. გოლები ჯოვანი სიმეონემ (2) და ოსტიგარდმა გაიტანეს.
ხსენებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ თემაზე სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი, როცა მოედანზე შედიან, თავიანთ შესაძლებლობებს აჩვენებენ. მარადონას რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა.
რაც შეეხება ხვიჩას, მის შემოყვანას ბოლო 15 წუთში ვაპირებდი. ამასთან ერთად, ბურთის დაჭერაც გვჭირდებოდა, დავუძახე კიდევაც, თუმცა, როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც
უხმოდ დამეთანხმა" - განაცხადა ლუჩანომ.
შეგახსენებთ, "პარტენოპეი" A ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 2 ნოემბერს, "ლივერპულთან" ჩაატარებს. ამ შეხვედრამდე ნეაპოლელები, 29 ოქტომბერს, "სასუოლოს" უმასპინძლებენ.