ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, მასპინძლები კი ორი გოლით დაწინაურდნენ - კვარაცხელიას ორი პასით დუბლი ოსიმენმა შეასრულა. 36-ე წუთზე ხვიჩამ თავად გაიტანა. შემდეგ საჯარიმოს გარედან ბურთი ლამაზ ნახტომში დაარტყა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა და პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი
ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, კვარაცხელიას კარგი გადაცემა ნდომბელემ ვერ გამოიყენა. 61-ე წუთზე ქართველს საჯარიმოში მცველი უხეშად ეთამაშა, საბედნიეროდ ტრავმას გადაურჩა და მცირე პაუზის მერე მოედანზე დაბრუნდა. ის 71-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრებმა მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილეს და მწვრთნელმა სპალეტიმ მადლობა გადაუხადა. 77-ე წუთზე ოსიმენმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა, ბოლოს მსაჯმა უხეშობისთვის "სასუოლოს" შემტევი ლორიანტე გააძევა და "ნაპოლიმ" ისევ იმარჯვა.
„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ენფილდზე“ „ლივერპულს“, ხოლო 5 ნოემბერს იტალიის პირველობაზე ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში ყველა ტურნირზე მხოლოდ ორი გუნდია დაუმარცხებელი - „ნაპოლი“ და პსჟ.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სასუოლო 4:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (4), 2:0 ოსიმენი (19), 3:0 კვარაცხელია (36), 4:0 ოსიმენი (77)
გაძევება: ლორიანტე (84)
(ამ მომენტიდან 2m40s)
https://www.youtube.com/watch?v=ltYPl71SJc8