"როდესაც უყურებენ "კვარას", ხედავენ მარადონას" - წერს CNN.
"ნაპოლი" ყოველთვის გამორჩეული იყო შემტევი ფეხბურთელებით.
გასულ წლებში "პარტენოპეის" ღირსებას დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე იცავდნენ, უფრო ადრე - მარეკ ჰამშიკი და ეზეკიელ ლავეცი, თუმცა არც ერთი ყოფილა ისეთივე პოპულარული, როგორიც დიეგო იყო, ვერც ერთმა დაიმსახურა ტიფოზებისგან ის სიყვარული, რაც არგენტინელმა დაისაკუთრა.
ლეგენდარული სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ნეაპოლელთა თილისმა, სიმბოლო გახდა, იტალიის სამხრეთში გატარებული 7 სეზონის შემდეგ კი იქიდან არაერთი დასამახსოვრებელი გოლითა და ტიტულით წამოვიდა.
"ელ პელუსამ" დატოვა 2 სკუდეტო, რომლებიც 1986/87 და 1989/90 წლებში
მოიგო, რასაც 1988/89 წლებში უეფას თასიც დაუმატა... 2020 წელს გარდაცვალების შემდეგ სტადიონს მისი სახელი უწოდეს.
1991 წელს კლუბის დატოვების მიუხედავად, მარადონას სახელი ისტორიას არ ჩაბარდა, ფეხბურთელები ნეაპოლში დამატებითი მოტივაციისთვის ჩამოდიოდნენ, რათა დიეგოს შემდეგ მოეხერხებინათ და პირველად მოეგოთ სკუდეტო ან ევროტურნირი.
ასე რომ, მარადონასთან შედარება არის ტიფოზების იმედი, რადგან ხედავენ ფეხბურთელის პოტენციალს, რომ გუნდი ისეთივე შედეგს მიაღწევს, რამდენიც ლეგენდარული "ალბისელესტელის" ყოფნის დროს შეძლეს, ბევრი სპორტსმენი მოსულა, ბევრიც ვარსკვლავი, მარადონას მემკვიდრედ დაასახელეს, თუმცა სერია A-ს მე-3 ტიტული ილუზიად დარჩა...
ივლისში გუნდში ქართველი შემტევი ჩამოვიდა. ყველანაირი აურზაურის გარეშე მოსული ბიჭი უკვე ნოემბერში მარადონას შეადარეს. როგორც ჩანს, ხვიჩამ მართლა გააჩინა იმედები, რომელიც ასეთი რეალური არასდროს ყოფილა. ისედაც "შეშლილი" ტიფოზები სულ გადაირივნენ, 21 წლის ბიჭი მთელი გულით შეიყვარეს... ალბათ ხვდებით, რა ხდება ნეაპოლში, როდესაც ქალაქის ერთადერთი გუნდი თამაშს მართავს? აჭრელებული ქალაქი გუნდის სხვადასხვა ფერის მაისურით, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად თვალს მარადონასა და კვარაცხელიას წარწერით მოჰკრავთ.
ქართველი სპორტული ჟურნალისტი ედო ბადალაშვილი ნეაპოლს სექტემბერში ესტუმრა. მისივე თქმით, როდესაც იგებდნენ, რომ საქართველოდან იყო, ფოტოებს იღებდნენ და ყვიროდნენ - ხვიჩა! ხვიჩა. მართალია სახელის წარმოთქმა გაუჭირდათ, თუმცა "კვარას" ძახილი მალევე ისწავლეს. ქართველი ემიგრანტები იძახიან, რომ მათი წარმოშობის გაგების შემდეგ პიცას ჩუქნიან ან ხელფასს უმატებენ. ეს შეძლო ამ პატარა ბიჭმა.
ზაფხულში "პარტენოპეი" ნეაპოლში დაბადებულმა, გუნდის კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ და "ლურჯების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა დრის მერტენსმა დატოვეს. "ნაპოლიში" კი ახალი შემტევების დამატების დრო დადგა. ბევრისთვის მოულოდნელად, მათ არჩევანი ბათუმის "დინამოს" გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე შეაჩერეს და 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.
კლუბის პრეზიდენტის მისამართით გაჩნდა კითხვები, მიიღო თუ არა გუნდმა სათანადო შევსება.
"როცა ვფიქრობ, დრის მერტენსისა და ლორენცო ინსინიეს შესახებ, არალოგიკურია, რომ 2 ასეთი მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატიდან ჩამოსულმა 21 წლის ფეხბურთელმა შეცვალოს". ამის შესახებ Italian Football-ის ჟურნალისტმა ეუან ბერნსმა CNN Sport-ს განუცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა რიგებში შეუცვლელი და უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა. "ნაპოლი" კი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გუნდად იქცა. ქართველს კლუბის 16-მატჩიან წაუგებელ სერიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
16 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. განსაკუთრებული მატჩი კი "ლივერპულის" წინააღმდეგემ ჩაატარა, როდესაც "სქაუზერთა" დაცვის ხაზს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. როდესაც ბერნსს სთხოვეს, გაეხსენებინა მოთამაშე, რომელმაც იტალიაში ასეთ მოკლე დროში, ამგვარი გავლენა მოახდინა, შეფასება გაუჭირდა. ქართველი კი ერლინ ჰოლანს შეადარა.
"ჰოლანის შესახებ საინტერესო არის ის, რომ მისი გაბარიტების მიუხედავად, იდეალურად ახერხებს ბურთთან ერთად დიდი მანძილი დაფაროს, ასევე შეუძლია შორიდან დარტყმა და თავით გოლების გატანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ჩემთვის გარემარბის პოზიციაზე საუკეთესოა, არ არის მაღალი, მაგრამ თავური დარტყმით გოლი უკვე გაიტანა, რაც მთავარია, საშინლად სწრაფია, როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე. წარმოუდგენელი ფეხები აქვს და ძალიან ძლიერია, ეს კი ყველა მოთამაშისგან განასხვავებს. მაგალითად, ინსინიე ბურთთან ერთად შესანიშნავი იყო და დარტყმა ყველა დისტანციიდან შეეძლო, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე არ იყო.
"ნაპოლი" იყო პირველი გუნდი, რომლის ლოგოსაც გატანილი გოლის შემდეგ აკოცა. მას უყვარს "ნაპოლი", მადლიერია და "ნაპოლისაც" უყვარს ის. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ლეგენდაა, ხვიჩას ზედმეტსახელი "კვარადონაა". - განაცხადა ბადალაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას ევროპულ გუნდებში გამოჩენა სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გაუხსნის გზას.
"საქართველოს ნაკრები 11 მატჩია დაუმარცხებელია. ქართველ გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ევრო 2024-ზე ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზებთ. დღეს, საქართველო ფეხბურთით ცოცხლობს. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ, "კვარამ" საქართველოში ცხოვრება შეცვალა" - აღნიშნა ბადალაშვილმა.
"ძალიან სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია" - იურგენ კლოპი ხვიჩაზე საუბრობს
დასაფასებელი საქციელი - ხვიჩამ "ლივერპულის" გერბს ფეხი არ დააბიჯა [VIDEO]