ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 დამარცხდა, თუმცა ნეაპოლურმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ხვიჩა კვარაცხელია ურიგოდ არ გაისარჯა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
დებიუტში მასპინძლებმა შეუტიეს, ჯონსმა შანსი ვერ გამოიყენა, საპასუხო იერიშისას კონატემ საჯარიმოში კვარაცხელიას ხელი ჰკრა და წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. აქედან მოყოლებული, თამაში დაწყნარდა, უპირატესობას ვერც ერთი გუნდი ვერ ფლობდა. 30-ე წუთზე „ლივერპულს“ ჰქონდა მომენტი, როდესაც ალკანტარას გატანა მერეტმა არ დაანება.
მიუხედავად იმისა, რომ კლოპის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა, წინ დიდი ძალებით არ მიდიოდა. 53-ე წუთზე საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთს ოსტიგორმა თავით ალისონის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ ოსიმენმა ხვიჩას პასი გაუკეთა, მის დარტყმულ ბურთს კი ალეკსანდერ-არნოლდისგან რიკოშეტით მეკარე დაეუფლა. 82-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.
"ნაპოლიმ" ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა და შეწყდა მისი გამარჯვებათა 13-მატჩიანი სერია. შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 5 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" გამართავენ.
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)