კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა, H ჯგუფში პირველ ადგილზეა და მერვედფინალში გავიდა.
სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შოუ დადგა და ეს მართლაც ასე იყო.
მატჩის წინ მომჯობინდა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად სასტარტოში დააყენა. ბრატისლაველები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მათ თამაშს უნარიანად წარმართავდა ჩაკვეტაძე და მისი დრიბლინგების შემდეგ ალეკსანდარ ჩავრიჩმა დუბლი შეასრულა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე თამაში ჭირდა. „სლოვანი“ სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდიდან საუკეთესო აშკარად ჩაკვეტაძე გახლდათ, ხშირად ეუხეშებოდნენ, 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა და ჩინებულად ჩატარებული შეხვედრა გოლით ვერ დააგვირგვინა. ის 90+3-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში „ბაზელმა“ ერევანში „პიუნიკს“ 2:1 სძლია და მეორე ადგილი დაიკავა.
ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“
ჟალგირისი - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (15), 0:2 ჩავრიჩი (23), 1:2 კიერემე (47)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (89)