"ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის მნიშვნელობაზე "ატალანტასთან" მატჩის შემდეგაც ვწერდით, თუმცა "ნაპოლიმ" რთულ მეტოქესთან გაიმარჯვა, მარცხენა ფლანგი მაინც აქტიური იყო და თავს იმაზე მეტის თქმის უფლება არ მივეცით, რამდენიც საჭირო იყო. "ემპოლისთან" (2:0) შინ მთელი შეხვედრის განმავლობაში კი ძალიან იგრძნობოდა - ნეაპოლელებს ქართველი გარემარბის ფანტაზია, სისწრაფე, შემართება და ის მოლოდინი აკლდათ, "კვარადონა" ერთხელაც რომ აფეთქდებოდა, ამ დუნე და ცოტათი ნაცრისფერ თამაშს გაალამაზებდა!

კვარაცხელაიამ რომ დღევანდელ ფეხბურთში რაღაც სიახლე და სხივი შემოიტანა, ეს მხოლოდ მისი თანამემამულეების მოსაზრება არაა. შესაძლოა, ყოველ შეხვედრაში ვერც მან
"იფრინოს", თუმცა აუცილებლად იქნება ეპიზოდები, როცა მისი სიდიადე თვალს მოგვჭრის. სიტუაცია ისეთია, რომ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, ხვიჩა ბოლომდე მომჯობინდეს, თანაც წელის არეში ტკივილების განმეორება მომავალშიც გამოირიცხოს, ამიტომ შესაძლოა, 2023 წლამდე მისი თამაში ვერ ვიხილოთ...

რა ვნახეთ "ემპოლისთან"? - "ნაპოლის" მეტოქე კონტრშეტევებზე ფაქტობრივად, არ ფიქრობდა და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოების მიზანი ჰქონდა. მაინც ისე ჩანდა, რომ ყველაფერი ეს დიდხანს ვერ გასტანდა და სპალეტის ფეხბურთელები
გაიტანდნენ. ეგაა, რომ მასპინძელთა შეტევები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ერთმანეთს ჰგავდა, იოლად გასაშიფრი და ნაკლებად თვალსასეირო იყო. ყველა შეხვედრას ერთნაირად ვერ ჩაატარებ, თანაც ასეთ დაცვით მეტოქესთან, თუმცა ქულების დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა. არსებობს მოსაზრება თუ გამოცდილება, რომ ჩემპიონები მუდამ ლამაზად ვერ იმარჯვებენ და ხანდახან შედეგები ასე "მძიმედ" უნდა დაიდოს.

Sportall.Ge

სპალეტი მოდუნების უფლებას არავის აძლევს და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, როცა არაფერი გამოდიოდა, შეტევის გასაძლიერებლად სამმაგი ცვლილება გააკეთა. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შემოსვლამ გაამართლა, მან თამაში გაამწვავა და საჯარიმოში ბევრი სახიფათო პასი გააკეთა. მარჯვენა ფლანგი მანამდეც უფრო აქტიური იყო, აი კვარაცხელიას სათანადო შეცვლა ისევ ვერ მოხერხდა, ჯაკომო რასპადორი გარემარბი რომ არაა, ერთხელაც გამოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ მარიო რუი უჩვეოლოდ პასიური იყო და შეცდომებსაც უშვებდა. ხვიჩა რომ უალტერნატივოა, ეს მოთამაშეებმაც იციან, თუმცა მის არყოფნაში შესაძლო კონკურენტებს მეტი მოეთხოვებათ.

ერთ-ერთი მთავარი ისევ ვიქტორ ოსიმენის ფაქტორი გამოდგა, მან პენალტი ცოტა საეჭვო ვითარებაში მოიპოვა და ყველაფერი გამარჯვებისკენ გადახარა. ახლა თითქოს ნამდვილად (ხვიჩასთან მასე არ აღმოჩნდა), ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანის დარტყმა ლოსანოს გადაულოცა. მექსიკელსაც ცოტათი გაუმართლა.

"ნაპოლი" ახლა "უდინეზესთან" შეხვედრაზე გადაწყობა. ისინი უახლოეს მდევარ "მილანს" უკვე 8 ქულით აღემატებიან. სპალეტის გუნდმა თამასა ასწია და მათგან სულ ბევრს ველით, ამასობაში კი ნანატრი სკუდეტოსკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევენ. ჩემპიონთა ლიგასაც დაველოდოთ. 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი, ყველაფერი ეს მშვენიერ თამაშთან ერთად - ყველა ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარია.

alt"ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე "ემპოლი" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა

altკვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აქ თემა შეუსაბამოა, მარა მოდი ასე ვქნათ 50 ლაიკს თუ აცდება ეს კომენტარი დაურეკეთ ამ ხარაიშვილს!! გაიგეთ სადაა ეს კაცი, გააქრეს ფეხბურთიდან საერთოდ არ გაინტერესებთ?
კაპიტან გარდენბურგი
02:51 10-11-2022
1
ვაკომ მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა პოზნანში . გაიარა რეაბილიტაცია , როგორც ვიცი თავს უკვე კარგათ გრძნობს და მალე დაბრუნდება მოედანზე !
გიორგი ვარშავიდან
00:00 10-11-2022
0

სიახლეები პოპულარული