სლოვაკეთის ჩემპიონატზე "რუზომბეროკთან" მოგებულ მატჩში (2:0) "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ქართველის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"ჩაკვეტაძეს ძვლამდე ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს. ამიტომ, სავარაუდოდ, მეტოქის მხრიდან უხეშობას ჰქონდა ადგილი. ჭრილობის გაკერვა მოუწიათ. ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ვნახოთ".
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოსთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოიძახა. თუმცა ახლა მთავარია სერიოზული არაფერი სჭირდეს და მალე ჩადგეს მწყობრში.