კვარაცხელიას თამაში ჩემპიონის ბედს მნიშვნელოვნად გადაწყვეტს - "ნაპოლი" ახალ წელს "ინტერზე" ბევრს იფიქრებს

AutoSharing Option
თითქოს, რა უნდა იყოს საგანგაშო იმაში, რომ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ნაპოლი" "ლილთან" ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა. ასეთ ამბებზე იტალიურ მედიაში ნაკლებად ღელავენ, განგაშის ზარებს უფრო ბრიტანეთში შემოჰკრავდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ჩვენ ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს და საქართველოშიც გვსურს, მიზეზებს უფრო ღრმად ჩავწვდეთ...

რასაც წყალი ნამდვილად არ გაუვა, ისაა, რომ ნეაპოლელებზე მსოფლიო ჩემპიონატისგან გამოწვეულმა პაუზამ კარგად არ იმოქმედა და ეს
წინასწარ ნავარაუდებიც იყო. კარგ ფორმაში მყოფ გუნდს, რომელიც თამაშს თამაშზე იგებს და განსაკუთრებული მუხტი აქვს, შუა
სეზონში ამხელა პაუზა არაფერში სჭირდებოდა. აქ პოზიტიური რაც შეიძლება იყოს, ისაა, რომ კატარის მუნდიალზე "ნაპოლის" ბევრი მოთამაშე არ წასულა და ფეხბურთელებმა ამ მჭიდრო გრაფიკის შემდეგ ამოსუნთქვა შეძლეს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, ეს კარგი ყოველთვის არაა.

Sportall.Ge

წინა სეზონში, როცა აფრიკის თასის გამო ლუჩანო სპალეტის რამდენიმე წევრი მნიშვნელოვან დროს დააკლდა, ამან სკუდეტოს მომავალ გამარჯვებულზე დიდი გავლენა მოახდინა, გუნდში საკმარისი კონკურენცია არ იყო. გასულ ზაფხულს ნეაპოლური კლუბი, როგორც აღმოჩნდა, სერიოზულად გაძლიერდა, თუმცა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ზამთრის პაუზისას გარკვეული სიახლეები მაინც საჭირო იყო, თუნდაც პრობლემურ პოზიციებზე კონკურენციის მხრივ. სადაა ეს ადგილები? დაცვაში ახლა ბევრი სირთულე გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, როცა კიმი-რაჰმანის წყვილი აღდგება, ეს საკითხი იქნებ ისევ მოგვარდეს, თუმცა ამ რგოლში ახალი სახე გუნდს ნამდვილად მოუხდებოდა. პრინციპში, მთელი სეზონის განმავლობაში ცხადია, რომ ოსტიგორი და ჟესუსი შესაბამისი ალტერნატივები ნაკლებად არიან. ყველაზე უკონკურენტო პოზიცია კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსია. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ყველა მატჩის ერთ დონეზე ჩატარება შეუძლებელია. მეკარე მერეტიც ისეთი დამაჯერებელი ვეღარაა, როგორც სეზონის სტარტზე იყო და გუნდს კეილორ ნავასის შეძენა გადააფიქრებინა...

ამხანაგური მატჩებით ნახევარდაცვის თამაშის შეფასება შეუძლებელია, რადგან ჯერ ანგისა და ზელინსკი არ დაბრუნებულან, თუმცა მთავარი მწვრთნელი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს და ეს საგულისხმოა. ნეაპოლელებმა შესვენებამდე თამასა მაღლა ასწიეს, "მილანს" 8 ქულით აღემატებიან და ახლა ერთი ჩავარდნაც კი გუნდზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სატურნირო ცხრილში მძიმედ აისახება. 1-ელი წრის ბოლომდე კი ოთხიდან 2 ძალიან რთული მატჩია, "ინტერთან" და "იუვენტუსთან".

Sportall.Ge

რაც ცალსახად გამოჩნდა და ამას გარკვეულწილად, სპალეტიც ადასტურებს, ხვიჩა კვარაცხელია ამ გუნდისთვის უსაზღვროდ ბევრს ნიშნავს. სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ჩვენ რამდენიმე მოთამაშეს გამოვყოფთ, თუმცა ქართველი გარემარბის შესაძლებლობები, დრიბლინგი, საგოლე ეპიზოდების შექმნა, არაორდინარული გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, შედეგიანობა (ყველა ტურნირზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი), იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ "კვარადონას" ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება ისაა, რაც ნეაპოლელების სკუდეტოსკენ დაწყებული სვლა ასეთივე შემართებით გაგრძელება. თავად ხვიჩას კარგად ვიცნობთ - ის ბოლომდე იხარჯება, ცდილობს იძულებითი პაუზა საბოლოოდ დაივიწყოს და მომდევნო მატჩში, მილანში, ამჯერად "ინტერთან" იბრწყინოს.

მოსამზადებელ ეტაპზე ჯაკომო რასპადორი კარგად გამოიყურება, 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და სპალეტის მეტი ფიქრი მოუწევს იმაზე, თუ სად უნდა გამოიყენოს ის. როცა ვიქტორ ოსიმენიც ტრავმირებული იყო, რასპადორი მაშინაც ათამაშდა, შემდეგ კი კონკურენციაში ჩაიკარგა. კვარაცხელიას არყოფნაში ჯაკომო მარცხენა გარემარბად ვიხილეთ, თუმცა მისი ადგილი იქ ნაკლებად გამოჩნდა, ელემენტარულად, იმ სამუშაოს ვერ ასრულებდა, რასაც ქართველი გარემარბისგან შევეჩვიეთ. კვლავ ცოტა დრო ეძლევა ჯოვანი სიმეონეს და მან ბოლოს "რეინჯერსთან", ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. თუკი დაცვის ხაზში ნაკლებ კონკურენციაზე ვისაუბრებთ, შეტევაში ბევრი ალტერნატივაა და სპალეტის კარგი ბალანსი სჭირდება. დაველოდოთ, ირვინ ლოსანო რა სიახლეებს შემოიტანს, შედეგიანობა მატეო პოლიტანოს ნამდვილად უჭირს.

ლუჩანო სპალეტის იმის დამტკიცება მოუწევს, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩავარდნა უფრო
შემთხვევითობა იყო და ყველაფერი უნდა გააკეთოს, არსებული ჰანდიკაპი კარგად გამოიყენოს. ახლა გუნდი საშობაოდ ისევ შეისვენებს, ახალი წლის დღეებში კი "ინტერზე" ბევრი ფიქრი მოუწევთ.

alt"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

altსპალეტიმ გაამხილა, რას ფიქრობს კვარაცხელიაზე და რა თქვა დე ლაურენტისმა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ასე იცის დროზე ადრე ატინგიცებამ. ჯერ მოიგე რამე ტურნირი და მერე მოაწყვე ვოიაჟები სკოლებში და ორღობეებში. რაის ფანებთან კონტაქტებია, გაშმაგებული უნდა ვარჯიშობდე და იტალიურში მეცადინეობდე.
13
ნერვიულობს ხვიჩა.
ინტერთან ერთი-ორი კარგი დრიბლინგი, ან გოლი/საგოლე გადაცემა უნდა დაწყნარდება და მთლიანად გაიხსნება მეორე წრისთვის.
ფაქტია, დიდი შესვენება გამოუვიდა და ვერაა ფორმაში ვერც თვითონ და ვერც მთელი გუნდი. ფაქტიურად ნაპოლის პიკში მოუწუა პაუზაზე გასვლა. ნახევარდაცვა "პრახადნოი დვერია" რუი დაცვაში კარტასტროფაა ოსტიგარდთან ერთად და ძალიან სასწრაფოდ ჭირდება გუნდს კიმ მინჯაე, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ზელენსკი ლოზანო და ვაი რომ ისენიც ცუდ ფორმაში შეუერთდნენ გუნდს თორემ ამ თამაშით ინტერი კი არა ათეულისთვის მებრძოლ ნებისმიერ გუნდთან გაუჭირდებათ 3 ქულის აღება. ფაქტია რაც ამ ამხანაგურებში გამოჩნდა ეს ნაპოლი შესვენებამდე გასული გუნდის აჩრდილია და მერე რა რომ ამხანაგურები იყო იგივე ამხანაგური იყო ლილისთვისაც და ვილიარეალისთვისაც რომელთა ნახევარდაცვამ შთანთქეს ამ ორ თამაშში ნაპოლის ცენტრი. ცუდის მომასწავებელი არ აღმოჩნდეს ეს სპალეტისთვის ისედაც ყოველთვის უჭირს მის დამოძღვრილ გუნდებს მეორე წრეში ოპტიმალური ფორმის აღდგენა, და მისი აქილევსის ქუსლი იმედია არ აღმოჩნდება ამხელა ფორის განიავების მიზეზი თორემ წყალში ჩაიყრება ჩვენი ბიჭის ეს ნაშრომ-ნაღვაწი და ისედაც ემოციური ნაპოლიტანელები საბოლოოდ მიეცემიან ღრმა ნიჰილიზმს სკუდეტოს დაუფლების მიმართ.
Charley
16:05 22-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული