თასის დღე! კვარაცხელია გაციების გამო განაცხადში არ არის - ქართველების დაპირისპირება არ შედგება

AutoSharing Option
სერია "ა"-ს ლიდერი "ნაპოლი" იტალიის თასის გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ჩემპიონატის აუტსაიდერ "კრემონეზეს" ერთმატჩიან დაპირისპირებაში უმასპინძლებს - დღეს, 17 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე. ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილის გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თუმცა არცერთი ჩვენებური გაციების გამო განაცხადში არ იმყოფება.

Sportall.Ge

"კრემონეზემ" ტურნირზე "ტერნარასა" და "მოდენას" დამარცხება უკვე მოახერხა და პროგრამა-მინიმუმი ნამდვილად შესრულებული აქვთ. მოგეხსენებათ, კრემონელებს სერია "ა"-ში ჯერ არ გაუმარჯვიათ (7 ფრე აქვთ), რის გამოც მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ, ნეაპოლელებთან კი დებიუტი 59 წლის დავიდე ბალარდინის ექნება. ის ქართველებისთვის საინტერესო
სპეციალისტია, რადგანაც კახი კალაძის "ჯენოასა" და ლევან მჭედლიძის "პალერმოს" (ქართველი ფორვარდი ამ დროს კარგ ფორმაში იყო და "იუვენტუსსაც" გაუტანა) წვრთნიდა. ქართველი მცველი დღეს განაცხადში არაა. კრემონელები მოტივირებული უნდა იყვნენ და ვნახოთ, მძლავრ მეტოქეს წინააღმდეგობას რამდენად გაუწევენ.

ლუჩანო სპალეტის კი როტაციისთვის საუკეთესო პერიოდი აქვს. მის ფეხბურთელებს ამოსუნთქვა სჭირდებათ, ხოლო თუკი საჭიროება მოითხოვს, საქმეში ლიდერებსაც ვნახავთ. სავარაუდოა, რომ "ნაპოლის" კარს გამოცდილი სალვატორე სირიგუ დაიცავს. ახლად გადაბირებულმა პოლონელმა მცველმა ბარტოს ბერეზინსკიმ კაპიტანსა და მარჯვენა მცველს, ჯოვანი დი ლორენცოს ამოსუნთქვის საშუალება უნდა მისცეს. კიდევ ერთი სიახლე მინდვრის ცენტრში სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად გერმანელი დიეგო დემეს თამაში უნდა იყოს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, ვიქტორ ოსიმენი, ალბათ, სათადარიგოთა შორის იქნება, ფორვარდის პოზიციას კი ჯოვანი სიმეონე დაიკავებს, რომელიც ბოლო დროს ცოტას თამაშობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველმა გარემარბმა ტრავმის შემდეგ ოპტიმალური სათამაშო ფორმა ახლახან დაიბრუნა, სავარაუდო იყო, რომ "კვარადონას" მცირე დრო მაინც მიეცემოდა, თუმცა ასე არ იქნება, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

Sportall.Ge

წყვილში გამარჯვებულის მომავალი მეტოქე ცნობილია და ის "რომა" იქნება. მოგეხსენებათ, თასის გათამაშებას, მოულოდნელად, "მილანი" გამოეთიშა. გარკვეულია ნახევარფინალური ბადეც, რომლის მეორე მხარეს "ფიორენტინა" და "ტორინოა". ქართველის გუნდს, გასვლის შემთხვევაში, საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. სხვათა შორის, სპალეტის გუნდი გასულ გათამაშებას სწორედ მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, როცა დამატებით დროში "ფიორენტინასთან" (2:5) "სტადიო მარადონაზე" დამარცხდა. ამ შეხვედრაში 3 ფეხბურთელი გააძევეს, მათ შორის, ორი ნეაპოლელი (ფაბიან რუისი, რომელიც გუნდში აღარაა და ირვინ ლოსანო).

"კრემონეზე" და "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ და იტალიის ჩემპიონატის ლიდერებმა სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1) გაიმარჯვეს. კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში ლოსანოს გაატანინა.

"ნაპოლის" "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები საკმაოდ მალე ელის (22 თებერვალსა და 16 მარტს), მანამდე კი მესამე ტურნირზე ერთვება - წელს გუნდს ყველგან მაღალი მიზნები აქვს!..

altკვარაცხელია სკუდეტოსა და ნეაპოლის "ახალი მარადონობისაკენ"!..

alt"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 23 /
იბუპროფენი კვარა :)
მთელი ევროპა მაგას სვამს გრიპზე.
1
დაასვენეს არა კვახი, გაცივდა, რით ვერ უვლიან რა , იმედია არ ამოვარდება ფორმიდან.
რომა
19:32 17-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული