"თუ კვარაცხელია მოედანზეა, მეტოქე გუნდის მცველები შავ დღეში არიან" - ცნობილი გამოცემა ხვიჩაზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში "სპეციასთან" 3:0 გამარჯვებისა და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ჩინებული თამაშის შემდეგ გამომცემლობა ilmattino ვრცელ სტატიას აქვეყნებს:

"ამჯერად არა, არ უყოყმანია, ბურთი აიღო და პირდაპირ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივიდა, რადგან ლუჩანო სპალეტის უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვინ შეასრულებს პენალტებს... რეკას ხელით თამაშის შემდეგ ქართველი ნიშნულთან მივიდა და დრაგოვსკის კარიც აიღო, რითაც კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ ვინ უნდა შეასრულოს თერთმეტმეტრიანები. მოგეხსენებათ, აქამდე ამ მოვალეობას ჟელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, ელმასი და პოლიტანო ითავსებდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა "ჯენოასთან" ვერ გაიტანა და იერარქიაში
ხვიჩა დაწინაურდა. კვარაცხელიამაც გაიტანა და დიდი მოთამაშეების გვერდით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

ევროპის წამყვან ჩემპიონატებში აწ უკვე ხუთიოდე ფეხბურთელია, რომლებმაც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს (ლიონელ მესი, ნეიმარი, კოლო მუანი და სერჟ გნაბრი), ჩამონათვალში ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდაა, თანაც ნეაპოლურ გუნდს 10 მილიონ ევროდ შეუერთდა და იმ წამიდან ქალაქში კვარამანია დაიწყო (კვარადონადან-კვარავაჯომდე). მიზეზი? ეს მარტივია, ქართველი მოედანზე მხატვრულად თამაშობდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ხვიჩამ 2022 წლის მიწურულს ზურგის ტრავმის გამო 4 შეხვედრა გამოტოვა, ამ წელს კი სალერნოში გაციების გამო ვერ ითამაშა, თუმცა "პარტენოპეიმ" მის გარეშეც მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება, მაგრამ როცა ხვიჩა მოედანზეა, გუნდი სხვა სიჩქარეზე თამაშობს. ეს ყველაფერი ქართველის თამაშის ხედვის, ფეხის სიჩქარისა და მოწინააღმდეგის ბანაკში პანიკის დათესვის უნარის წყალობით ხდება. დღეს უკვე ჩემპიონატის დაწყებიდან ნახევარზე მეტი გავიდა და უიღბლო მცველებმა ქართველის გასაჩერებლად გზა ჯერ კიდევ ვერ გამონახეს. ხვიჩა უტევს მარჯვენა და მარცხენა ფეხით, სირბილში თუ ადგილიდან... თუ კვარაცხელია მოედანზეა, მეტოქე გუნდის მცველები შავ დღეში არიან.

და კიდევ ერთი: "ნაპოლის" ასეთი ძლიერი შეტევის მნიშვნელოვან ფაქტორად ხვიჩასა და ვიქტორ ოსიმენის ურთიერთგაგება გვევლინება. "პარტენოპეის" ორივე შემტევი მოედანზე ერთმანეთს სისტემატურად ეძებს და როდესაც პოულობენ, მეტოქე ფეხბურთელები განეიტრალებული არიან. "სპეციას" კარში გატანილი მესამე გოლი ამ ურთიერთგაგების ჩინებული გამოხატულებაა. დრაგოვსკის კარში გატანილი გოლის შემდეგ (ხვიჩას პენალტს ვგულისხმობ), "კვარამ" ვიქტორს ცარიელ კარში გაატანინა, ალბათ ყველამ იცით, რომ ოსიმენი სერია A-ს ბომბარდირობაზე ოცნებობს და ისეთი ტემპით მიდის და ისეთი თანაგუნდელები ჰყავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სპალეტის მდგომარეობა მხოლოდ სასიამოვნოა, ამ ორ ფეხბურთელს მოედნის კიდიდან უყურებს და ტაშს უკრავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსიმენმა ხვიჩას გადაცემით სერია A-ში უკვე მე-6 გოლი გაიტანა - "ბოლონია" და "სასუოლოსთან" ორჯერ, "იუვენტუსი", "რომა" და "სპეცია" (ჯამში 16 გოლი აქვს), ქართველმა ვუნდერკინდმა მეტოქეს კარში ბურთი 8-ჯერ შეაგორა. ჯამში "ნაპოლის" გოლების 47% ამ ორმა კაცმა შეაგდო, დანარჩენი თქვენთვის მომინდია..." - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით ჩვენც ჩვენს აზრს ხვიჩას მიერ ოსიმენზე გაკეთებულ ასისტზე - დამწყებმა ფეხბურთელებმა ეს ვიდეო არაერთხელ უნდა ნახონ, რათა გაიაზრონ, რამდენად დიდია ფეხბურთელი, როდესაც არა პირად, არამედ გუნდურ წარმატებაზე ფიქრობს. სპალეტიმ სწორად აღნიშნა, შემდეგ შეხვედრაში ხვიჩას ვიქტორი გაატანინებს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ევროპული ფეხბურთის გიგანტები შესაძლოა დამანგრეველი დუეტის ერთად ყიდვით დაინტერესდნენ, რაც გამორიცხული სულაც არაა. "კვარამანია" გრძელდება...

მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ შევცდი, რომ უდიდესმა სპეციალისტმა, ქართველთმოძულემ, ვერ განვსაზღვრე კვარაცხელიას შესაძლებლობები.
სანაია
16:56 07-02-2023
21
როგორ მინდა დაბადების დღეზე გაიბრწყინოს და მოიგონ❤️
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული